“მსგავსი საერთაშორისო ხმაური შეიძლება ქვეყნისთვის სახარბიელო სურათს არ ქმნიდეს. მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორები აფასებდნენ საერთო სურათს და არ ხდებოდეს თითოეული ფაქტის კონტექსტიდან ამოგლეჯილად განხილვა”, – ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეხმიანება გამოთქმულ ვარაუდს, საქართველოსთვის სანქციების შესაძლო დაწესებაზე და ამბობს, რომ სანქციების რეჟიმი არ განიხილება.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოში არაფერი ისეთი საშინელება არ ხდება, რომ ასეთი დონის სასჯელებზე ისაუბრონ.
ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა ევროკავშირის განცხადებას, რომელშიც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერი საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ გადამწყვეტია, ოპოზიციამ კონსტრუქციული როლი შეასრულოს, პარლამენტში შესვლის ჩათვლით, საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უფრო მეტად განმტკიცებისთვის და ქვეყნის რეფორმატორული მომავლის ფორმირების მხარდაჭერისთვის.
ბოჭორიშვილის თქმით, “ეს არის დიაგნოზი იმისა, თუ რა სჭირდება ქვეყანას ევროკავშირისკენ სვლისკენ”.
“უნდა დასრულდეს პოლარიზაცია პოლიტიკურ პარტიებს შორის და საპარლამენტო ცხოვრება უნდა იყოს ინკლუზიური, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა დასრულდეს ბოიკოტის რეჟიმი და ოპოზიციამ მუშაობა გააგრძელოს პარლამენტიდან.
ასევე, გვქონდეს ისეთი ინსტიტუტები, რომელსაც ექნება საზოგადოების დიდი ნდობა. ასეთი ინსტიტუტების მშენებლობა შეიძლება მხოლოდ ინკლუზიური საპარლამენტო ცხოვრებით ისეთ დროს, როცა ყველა პოლიტიკური პარტია ჩართული იქნება საპარლამენტო საქმიანობაში”. – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.