LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ბევრს ახასიათებს პირფერობა, რომელიც საკუთარ თავზეც გამოვცადე, ამიტომ ყოველთვის იმ ადამიანების შემოკრებას ვცდილობ, ვინც თავიდანვე მიმითითებს შეცდომაზე” – დავით იმედაშვილი ,,წარმატების ფორმულაში”

70
warmateisformula2025

პირველ მარტს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენელი, თანამედროვე სტანდარტების დასახლების „ბოტანიკა საგურამოს“ დამფუძნებელი დავით იმედაშვილი სტუმრობდა, რომელმაც მანამდე რეჟისურასა და პროდიუსინგში გაითქვა სახელი და ისეთი ცნობილი ფილმები გადაიღო, როგორიც „ოცნების ქალაქი“, „ვისი სული გსურს“ და ჰოლივუდური მძაფრსიუჟეტიანი თრილერი „აგვისტოს 5 დღეა“.

– დავით, რას წარმოადგენს ახალი დასახლება ბოტანიკა საგურამო?

– დასახლების მთავარ მიზანი ქალაქთან ახლოს, თუმცა ჩვეული ხმაურისგან შორს, ბუნებრივ გარემოში, კომფორტული ცხოვრების პირობების შექმნა და ბინადრებისთვის ულამაზესი ხედების შეთავაზებაა, რადგან დასახლების ჩრდილო-დასავლეთი მხარე პირდაპირ კავკასიონს უყურებს, აღმოსავლეთ-სამხრეთით კი, თბილისის ეროვნული პარკი ესაზღვრება თავისი უზარმაზარი – 21 000 ჰექტარის ტყის მასივით. მართალია, ბოტანიკა საგურამო 33 ჰექტარზეა გაშლილი, მაგრამ ჩვენ მაინც უარი ვთქვით მრავალსართულიან კორპუსებზე.

– რატომ გადაწყვიტეთ ხელოვნებიდან სამშენებლო ბიზნესში გადასვლა?

– დიდი ხანია მინდა დასავლური ტიპის მშვიდი და კომფორტული დასახლების შექმნა. მცდელობა მანამდეც მქონდა, როცა ქალაქის ცენტრიდან – ვაკიდან დიღომში გადავბარგდი და კერძო სახლი ავიშენე, თუმცა ეს მხოლოდ მცირე პროექტი იყო, რომელიც ჩემი სახლის ღობით შემოიფარგლა, ღობის იქით კი, ისევ ის უმოციო ქალაქი დარჩა, რომელიც ძალიან დამთრგუნველია. სწორედ მაშინ გადავწყვიტე სრულიად ახალი დასახლების შექმნა,  რომლის გარემო ღობის შიგნითაც და გარეთაც ერთნაირად სასიამოვნო იქნებოდა. რა თქმა უნდა, მშენებლად ვერასდროს გამოვდგები, თუმცა სწორედ მე გავხდი მსგავსი ტიპის დასახლების მოწყობის ინიციატორი და ამ იდეით დაინტერესებულ ადამიანებიც სწრაფად მოვიძიე.

– დასახლება რამდენიმე მნიშვნელოვანი სეგმენტისგან შედგება, რომელთა შორის ერთ-ერთი  სრულფასოვანი სათბურია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციით

– სათბური დიდი პროექტის მხოლოდ მცირე ნაწილია, რადგან მართალია, ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება, მაგრამ მისი უზრუნველყოფა მცირე რესურსითაც შეიძლება. დასახლებაში მხოლოდ 300-მდე მოსახლე დაბინავდება, ამიტომ წარმოებაც ნაკლებად მასშტაბური იქნება. ვფიქრობ, ბევრად მნიშვნელოვანია ბოტანიკა საგურამოს წყლის ავტონომიური სისტემით უზრუნველყოფა, რადგან დასახლება მტკვრისა და არაგვის ხეობაშია, სადაც წყლის უზარმაზარი აუზებია, ამიტომ დამოუკიდებლად შეგვიძლია უმაღლესი ხარისხის წყლის მოპოვება. სხვათა შორის, წყლის მწარმოებელთა უმეტესობა, მათ შორის კომპანია „კოკა-კოლაც“ სწორედ ამ მარაგით სარგებლობს.

– თავად ხომ არ გეგმავთ ამ მიმართულებით ბიზნესის გაფართოვებას?

– ჯერჯერობით მხოლოდ დასახლების მომარაგებაზე ვზრუნავთ, რადგან უმაღლესი ხარისხის წყლის წარმოებას სპეციფიური ცოდნა და გამოცდილება სჭირდება.

– კონკრეტულად რას გულისხმობთ, როცა სრულიად ახალ შესაძლებლობებს სთავაზობთ დასახლების ბინადრებს?

– პირველ რიგში, თანამედროვე ტიპის კომფორტულ სახლს თავისი ეზოთი საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად. ვფიქრობ, ყველასთვის სასიამოვნო იქნება საკუთარი ეზოდან გამოსვლა და ჩვეული ურბანისტული პეიზაჟების ნაცვლად ეკოლოგიურად სუფთა გარემოში გასეირნება. გარდა ამისა, დასახლებაში ყველა პირობა იქნება ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის, რადგან აუზიც გვექნება და 8-კილომეტრიანი ველობილიკიც.

– რა ეტაპზეა სამშენებლო სამუშაები და რა პრობლემები შეგიქმნათ პანდემიამ?

– სიმაღთლე ვთქვა, პანდემიაზე მეტად მოუქნელმა ბიუროკრატიამ შეგვაფერხა, რომელიც ნაკლებადაა ორიენტირებული ბიზნესის განვითარებაზე. სამწუხაროდ, არც ეკონომიკა ვითარდება, არც ადამიანებს აქვთ შემოსავალი, ამიტომ მაქსიმალურად ცდილობენ თავი შეიკავონ ზედმეტი ხარჯისგან.

– ახალი იდეების განხორციელებას და სამშენებლო ბიზნესის გაფართოვებას ხომ არ გეგმავთ?

– აუცილებლად გავაშენებთ ბოტანიკას სხვა ლოკაციებზე, თუმცა ნამდვილად არ ვაპირებთ გავუწიოთ კონკურენცია სტანდარტულ სამშენებლო კომპანიებს, რომლებიც მასშტაბური პროქტების განხორციელებაზე არიან ორიენტირებული, რადგან ჩვენ სრულიად განსხვავებული პრინციპით ვაშენებთ. მაგალითად, ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს მიწის ნაკვეთი, სახლის მშენებლობა კი, ეტაპობრივად დააფინანსოს, თუმცა აუცილებლად უნდა დაიცვას ჩვენი სტანდარტები. ამასთანავე, თავისუფლად შეგვიძლია შევთავაზოთ კლიენტებს ჩვენი პროექტები და გავითვალისწინოთ მათი სურვილები. ვფიქრობ, ძალიან მოქნილი, მომხმარებელზე და მის ფინანსურ შესაძლებლობებზე მორგებული პირობები გვაქვს, რომლებიც ყველასთვის მისაღებია. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი ვინც სახლს ან მიწის ნაკვეთს შეიძენს, კონტრაქტზე ხელის მოწერისთანავე ამხანაგობის წევრი გახდება, რაც სამომავლოდ უბნის მოწყობასა და საყოფაცხოვრებო საკითხებში მონაწილეობას, გადაწყვეტილების მიღების უფლებას მისცემს.

– რამდენად აქტიურია მომხმარებელი?

– საკმაოდ აქტიურია, თუმცა დარწმუნებული ვარ, მაშინ უფრო გააქტიურდება, როცა დასახლება გაშენდება. აუცილებლად მინდა ავღნიშნო, რომ ბოტანიკა საგურამოს შემთხვევაში მე მხოლოდ ინიციატორი და იდეის ავტორი ვარ, დანარჩენ სამუშაოს კი, მშენებლები და არქიტექტორები ასრულებენ. ამიტომ ნურავინ იფიქრებს, თითქოს რეჟისორის აშენებულ სახლში მოუწევს ცხოვრება.

– რა თვისებით უნდა ხასიათდებოდეს ადამინი, რომელსაც თქვენს ჯგუფში სურს გაერთიანება?

– პირველ რიგში, გონიერებით და მიზანდასახულობით. არანაკლებ მნიშვნელოვანია გამბედაობა, რათა აუცილებლობის შემთხვევაში ხელმძღვანელსაც მიუთითოს შეცდომაზე. სამწუხაროდ, ბევრს ახასიათებს პირფერობა, რომელიც საკუთარ თავზეც გამოვცადე, ამიტომ ყოველთვის იმ ადამიანების შემოკრებას ვცდილობ, ვინც თავიდანვე მიმითითებს შეცდომაზე.

– რომელ ამპლუაში გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად – რეჟისურაში, პროდიუსინგსა თუ სამშენებლო ბიზნესში?

– რა თქმა უნდა, კინოში.

– რას შესთავაზებთ მომავალში მაყურებელს?

– სავარაუდოდ, შეერთებულ შტატებში გავემგზავრები, სადაც კინოსა და YouTube-არხების გააერთიანებით ძალიან საინტერესო პროექტზე ვიმუშავებ.  სცენარი დიდი ხნის წინ დავწერე და საპილოტო ვერსიაც მოვამზადე, არ ვიცი როდის დაიწყება გადაღებები, მაგრამ მოსამზადებელ სამუშაოებს აუცილებლად დავიწყებთ მომავალ წელს.

– ფილმში „აგვისტოს 5 დღე“ ქართველი და ამერიკელი ვარსკვლავების საინტერესო კოლაბორაცია შედგა. ახალ პროექტში რამდენად ექნება მაყურებელს ამის ფუფუნება?

– რა თქმა უნდა, ფილმიც უნდა ვარგოდეს, თუმცა წარმატებას მეტწილად სწორედ ვარსკვლავები განსაზღვრავენ. არ ვიცი ქართველები რამდენად მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ რამდენიმე ცნობილი ამერიკელი მსახიობის მიწვევას ნამდვილად ვგეგმავ.

ბლიცკითხვები:

– პროფესია, რომელსაც სიამოვნებით შეითავსებდით?

– ალბათ პლასტიკური ქირურგი ვიქნებოდი.

– ბოტანიკა საგურამოს სლოგანი?

– „ჯანსაღი გარემო!“

– საყვარელი კერძი, რომელსაც თვითონ ამზადებთ?

– ასეთი არ არსებობს, რადგან, რომელსაც ვამზადებ, ის საყვარელი ვერასდროს გახდება.

– რამდენად ხშირად მიმართავთ ექსპერიმენტებს და რომელი იყო ყევლაზე წარმატებული?

– ყველა ექსპერიმენტი წარმატებულია, ისიც კი, რომელიც მარცხით დასრულდა.

– მისაბაძი რეჟისორი?

– მელ გიბსონი.

– სპორტის საყვარელი სახეობა?

– ფიტნესი.

– როგორია თქვენი წარმატების ფორმულა?

– ჰოლივუდში, კოდაკის ცნობილი თეატრის კიბეზე ცნობილი და წარმატებული მსახიობების რჩევებია წაწერილი როგორ უნდა მიაღწიო წარმატებას, კიბის ბოლოში კი, უზარმაზარი ქვის საწოლი დგას მოკლე ფრაზით: „ყველაზე მოკლე გზა წარმატებისკენ“. როცა ეს ფრაზა ვნახე, მივხვდი, რომ ძალიან გამიჭირდებოდა ჰოლივუდში წარმატების მიღწევა, რადგან ეს გზა ნამდვილად არ გამომადგებოდა. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, სინამდვილეში კი, წარმატების მისაღწევად კარგი იდეა, მიზნის დასახვა და დაუღალავი შრომაც საკმარისია.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები