საპარლამენტო უმცირესობა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურის მხარდაჭერას არ აპირებს. როგორც ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო რატიანმა, განუცხადა, ლომჯარია ბოლო პერიოდში სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობდა და ის ხელისუფლებისადმი კრიტიკით არ გამოირჩეოდა.
„სახალხო დამცველის კანდიდატურა, რომელიც ხელისუფლებამ შეარჩია, სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობდა და ჩვენ მისგან ამ დროის განმავლობაში კრიტიკა არ გვესმოდა. ასეთ კანდიდატურას ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება. პრობლემა მდგომარეობს მის ბოლოდროინდელ საქმიანობაში და ასევე იმაში, თუ როგორ შეირჩა სახალხო დამცველის კანდიდატურა,” – განუცხადა ჟურნალისტებს სერგო რატიანმა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა აქვე აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს სახალხო დამცველის პოსტზე 4 კანდიდატი შესთავაზა, თუმცა მმართველმა გუნდმა ნინო ლომჯარია ისე გამოარჩია, რომ შეთავაზებულ კანდიდატებთან მოსმენა არ გაუმართავს.