“ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება და ადგილობრივ დონეზე საარჩევნო სისტემა, კვლავ შეუთანხმებელი რჩება” – ამის შესახებ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელმა, ვახუშტი მენაბდემ საარჩევნო რეფორმის საკითხებზე საუბრის დროს განაცხადა.
საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა, რომელიც დღეს გაიმართა, ცოტა ხნის წინ დასრულდა. სხდომა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, მას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
სწორედ შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთეს კომენტარები რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და იმ საკითხებზე ისაუბრეს, რომელიც კვლავ მოსაგვარებელია.
ვახუშტი მენაბდის თქმით:
“შემუშავდა საინტერესო დებულებები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება და ადგილობრივ დონეზე საარჩევნო სისტემა, კვლავ შეუთანხმებელი რჩება. გვესმის, რომ ეს არის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის იმ მოლაპარაკებების ნაწილი, რომელიც შარლ მიშელის ჩამოსვლის შემდეგ დაიძრა. ვფიქრობთ, აღნიშნული საკითხები მსჯელობის საგანი გახდება”.
ხარვეზებზე საუბრობს კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე აცხადებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიების შესვლა არ უნდა იყოს დამოკიდებული მანდატზე:
“საკვანძო პრობლემური საკითხი ჩვენ გვგონია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, რადგან ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი შემდგომ როგორ წარიმართება პროცესი და როგორი იქნება ნდობა. წარმოდგენილ ვერსიაში შერეული სისტემა რჩება და კარგია, რომ ის 9 პარტია პარიტეტის სისტემით არის, აქ რასაც არ ვეთანხმებით არის ის, რომ მანდატზე არ უნდა იყოს დამოკიდებული საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიების შესვლა”.- აცხადებს დოლიძე.
საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე, “ქართული ოცნების” წევრი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ:
“საარჩევნო პროცედურებთან, დავებთან, ადმინისტრაციულ რესურთან, იმ საკითხებთან, რაც შეეხება თავად არჩევნებს, არჩევნების ჩატარებას, გასაჩივრებას, გადათვლებს, შესწორების ოქმებს – ამ საკითხებთან დაკავშირებით ყველაფერზე გვაქვს თანხმობა. ერთი საკითხია, რომელიც შეეხება ცესკოს პარტიული ნაწილით დაკომპლექტებას, ჩვენ კანონპროექტში გვაქვს დათქმა, რომ დაკომპლექტებას შეძლებენ ის პარტიები, რომლებიც საბოტაჟის რეჟიმიდან გადავლენ საპარლამენტო მუშაობის რეჟიმში და მეორე, რომელიც შეეხება პროპორციულ-მაჟორიტარულს, თუმცა აქაც არაა ერთგვაროვანი, საიას აქვს თავისი მოსაზრება”.
სამუშაო ჯგუფის მეორე თანათავმჯდომარე, “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი იმ მექანიზმებზე საუბრობს, რომელთა გამოყენებაც გაყალბების რისკებს მინიმუმამდე შეამცირებს:
“ამ ცვლილებების თანახმად შემოდის ელექტრომთვლელი მანქანები; შემოდის გადათვლის სავალდებულო 10 პროცენტი; შემოდის რეგისტრაციის ელექტრონული მექანიზმები, თითის ანაბეჭდები და უამრავი სხვა რამ, რომელიც არჩევნების დღეს გაყალბებას დაიყვანს მინიმუმამდე. არჩევნების დღეს რაიმე ტიპის ჩარევა და მანიპულაცია იქნება ძალიან რთული”.- აღნიშნა იოსელიანმა.
შეგახსენებთ, “საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საბოლოო ვარიანტით, ცესკო-ს და საოლქო კომისიების წევრების რაოდენობა იზრდება 17-მდე და 8-პროფესიული და 9-პარტიული წევრის პრინციპით კომპლექტდება.
ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციებში 9 წევრს პარტიები იმ შემთხვევაში დანიშნავენ, თუ:
◾ პარტიას მიეკუთვნა პარლამენტის წევრის მანდატი;
◾ ეკუთვნის საბიუჯეტო დაფინანსება;
◾ ჰყავს სულ მცირე ერთი წევრი მაინც, რომელიც პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას ახორციელებს.