ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მიმართ დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნას და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან გამოეხმაურა.
გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა 20 ივნისის საქმეზეც
როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, „იმედი ნაკლებია, რომ [გერმანიაში] კანონის უზენაესობას პატივს სცემენ და ადამიანს ქართულ მართლმსაჯულებას გადასცემენ“.
მისივე თქმით, 2019 წლის 20 ივნისის აქციის დაშლის მართვასთან დაკავშირებით, გიორგი გახარიამ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.
„გუშინ შეეფარდა წინასწარი პატიმრობა, დანარჩენი პროკურატურის პროცედურებია. იმ პირობებში, როდესაც ზურაბ ადეიშვილი ბუნდესტაგის საპატიო ლოჟაში იჯდა, იმ პირობებში, როცა დავით კეზერაშვილი თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირის ტერიტორიაზე, იმ პირობებში, როდესაც მიხეილ სააკაშვილი, მსჯავრდებული ადამიანი, თავისუფლად გადაადგილდებოდა, მათ შორის, გერმანიაში, რა თქმა უნდა, იმედი ნაკლებია, რომ კანონის უზენაესობას პატივს სცემენ და ადამიანს გადასცემენ ქართულ მართლმსაჯულებას, თუმცა ვნახოთ.
რაც შეეხება საქმეებს, დიდი ხანია მიდიოდა გამოძიება ორივე საკითხზე. პროკურატურა ჩამოყალიბდა თავის პოზიციაში, რომ აქვს საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ბრალი წარედგინა გახარიასთვის. ბრალი წარდგენილია. ახლა უკვე სასამართლოს გადაეცემა ყველა ეს დოკუმენტი და სასამართლო იმსჯელებს რამდენად დასტურდება მისი ბრალი. სტრასბურგის სასამართლომ დაინახა გარკვეული დარღვევები და დაავალა ხელახალი გამოძიება საქართველოს.
გიორგი გახარიამ აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა იმ აქციის დაშლის მართვასთან დაკავშირებით, რომელიც არანაირად არ აუქმებს იმას, რომ 2019 წლის 20 ივნისის აქცია იყო ძალადობრივი შტურმი. ამასთან, იქვე, იმავე განაჩენში აღიარა ყველაფერი სტრასბურგის სასამართლომ და თქვა,რომ ეს იყო შტურმი პარლამენტის შენობაზე. იცით, რომ ამ საკითხზე სხვა ბრალდებულებიც არიან შტურმის გამო. მან პირადად აიღო პასუხისმგებლობა ამაზე. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, ყველაფერს სასამართლო დაადგენს“,- თქვა შალვა პაპუაშვილმა.
გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს
შეგახსენებთ, პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ასევე, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა ორ საქმეზე – 20 ივნისის აქციის დარბევასა და ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე დაიწყო. 13 ნოემბერს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე და 20 ივნისის აქციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
