„ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგლა მიქაუტაძე დღეს, პარლამენტში ჰესების თემაზე ჩანიშნულ სხდომას ეხმაურება, რომელზეც ორ მინისტრს მოუსმენენ.
მისი თქმით, ნორმალურ ქვეყანაში ისეთი მასშტაბური პროექტის პარლამენტში განხილვა, როგორიც „ნამახვანჰესია“, მის დაწყებამდე უნდა ხდებოდეს და არა დაწყებისა და სახალხო პროტესტის შემდეგ.
ჰესების თაობაზე დღეს პარლამენტში ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილს მოუსმენენ
მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით პარლამენტში 10 135 მოქალაქის ხელმოწერილი პეტიციაა წარდგენილი.
გიგლა მიქაუტაძე იმ საკითხებს ასახელებს, რომლებზეც მინისტრებისგან პასუხის მოსმენის მოლოდინი აქვს.
„თუმცა კარგია, რომ პარლამენტში დღეს მაინც შედგება საკითხის შესახებ საჯარო განხილვა და იმედია ქალბატონი თურნავა აუხსნის საზოგადოებას რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს:
- რატომ არ მოითხოვა მთავრობამ ასეთი მასშტაბური და სერიოზული ეკოლოგიური რისკების შემცველი პროექტისთვის საერთაშორისოდ აღიარებული კომპანიის მიერ გაკეთებული გარემოზე ზემოქმედების შეფასება?
- რატომ მისცეს კომპანიას სამშენებლოს სამუშაოების დაწყების უფლება გზშ-ს წარმოდგენამდე? რატომ არ გაითვალისწინა მთავრობამ სავალუტო ფონდის რეკომენდაცია და აიღო გარანტირებული შესყიდვის ვალდებულება საკმაოდ მაღალ, 6.2 ცენტად, რაც დღევანდელი კურსით 20.5 თეთრს უდრის?
- რამდენად გააძლიერებს „ნამახვანჰესი“ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას, თუ 15 წლის შემდეგ მას ელექტროენერგიის თურქეთში ექსპორტის სრული თავისუფლება ექნება?
უდავოა, რომ ჰიდროენერგეტიკული რესურსები ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა, ხოლო მისი გამოყენება უმაღლესი სტანდარტების დაცვით უნდა მოხდეს, რათა მინიმალური ზიანი მიადგეს ბუნებასა და მოსახლეობას. მთავრობამ ჯერჯერობით ვერ შეძლო საზოგადოების დარწმუნება, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტი არსებული სახით პასუხობს ყველა ამ გამოწვევას“,-აღნიშნავს მიქაუტაძე.
აღნიშნულ ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით პარლამენტში 10 135 მოქალაქის ხელმოწერილი პეტიციაა წარდგენილი. როგორც პეტიციის ავტორები აცხადებენ, რიონის ხეობა საფრთხეშია და ონისა და ნამახვანის კასკადების მშენებლობა საფრთხის წინაშე აყენებს არა მხოლოდ რიონის ხეობასა და ბუნებას, არამედ რაჭის, ლეჩხუმისა და ქუთაისის მოსახლეობას.