ნათია თურნავას განცხადებით, იმპორტზე დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის საფრთხის შემცველია, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით მოხსენებისას განაცხადა. როგორც თურნავამ განმარტა, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით დამოკიდებული არა ჩვენს საკუთარ პოლიტიკებზე გარკვეული მიმართულებით, არამედ, ჩვენი მეზობლების ნება-სურვილზე.
„არავინ ამბობს, რომ ელექტროენერგიით ვაჭრობა უნდა შეწყდეს. ზოგჯერ გვესმის უტრირება, თითქოს ენერგოდამოუკიდებლობა ნიშნავს, რომ არ უნდა ვივაჭროთ ელექტროენერგიით. ჩვენ ვავითარებთ ქსელებს, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რეგიონალურ ენერგობაზარში მეტად ვიყოთ ინტეგრირებულები, გვაქვს იმპორტი და ექსპორტი ოთხივე ჩვენს მეზობელთან, მაგრამ საუბარი არის მასშტაბებზე, არის იმაზე რა დონით და დოზით ვიქნებით მომავალში იმპორტზე დამოკიდებული. იმ დონით და დოზით თუ გავხდით დამოკიდებული იმპორტზე, რა ციფრებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს უკვე არის საფრთხის შემცველი ჩვენი ეკონომიკისთვის. გამოდის, რომ ჩვენ ვიქნებით დამოკიდებული არა ჩვენს საკუთარ პოლიტიკებზე გარკვეული მიმართულებით, არამედ, ჩვენი მეზობლების ნება-სურვილზე. ელექტროენერგიის ფასები მოსახლეობისთვის და ადგილობრივი მომხმარებლისთვის იქნება დამოკიდებული არა ჩვენს გადაწყვეტილებებზე, არამედ იმაზე, როგორი ეკონომიკური ვითარება იქნება მეზობელ ქვეყნებში და როგორი პოლიტიკა ექნებათ. ეს ნიშნავს, რომ კრიტიკულ შემთხვევებში ასევე ჩვენი ენერგოსისტემის ავარიული გამორთვის დროს, ჩვენ დამოუკიდებლად ვერ შევძლებთ მომხმარებლების ელექტროენერგიით ერთი საათის განმავლობაშიც კი მომარაგებას“, – განმარტა ნათია თურნავამ.
