პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე, სადაც რიონის ხეობაში ჰესების მშენებლობის საკითხს განიხილავენ, დეპუტატები მინისტრებს – ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილს საკითხის გარშემო სხვადასხვა კითხვით მიმართავენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ მყინვარების დნობაზე „ნამახვანის“ წყალსაცავის გავლენა პრაქტიკულად გამორიცხულია.
„არსებობს ბევრი სამეცნიერო მასალა, მათ შორის ძალიან ბევრი ქართველი მეცნიერისა და კლიმატის ცვლილების მოდელირება არის გაკეთებული ძალიან დეტალურად, დაფუძნებული ასევე იმ გამოცდილებაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ენგურჰესიდან.
მდინარე ენგურზე, ჯვრის წყალსაცავის, რომლის სარკის ზედაპირის ფართობი დაახლოებით 2.5-ჯერ აღემატება ნამახვანის საპროექტო წყალსაცავის ზედაპირის ფართობს, ატმოსფერული ჰაერის ტემპერატურაზე და სინოტივეზე წყალსაცავის არსებითი გავლენა წყალსაცავის კიდიდან მხოლოდ 500 მეტრით, ხოლო მცირე გავლენა ხუთი კილომეტრით შემოიფარგლება.
საპროექტო წყალსაცავის (ნამახვანის) უკიდურესი ჩრდილოეთი ნაპირიდან უახლოეს მყინვარებამდე მანძილი 70 კმ-ის ფარგლებშია, რაც არსებითად სცდება ზემოთხსენებულ მიკროკლიმატურ მასშტაბს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მყინვარების დნობაზე „ნამახვანის“ წყალსაცავის გავლენა პრაქტიკულად გამორიცხულია“. – განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, წყალტუბოს სამკურნალო თერმულ მინერალურ წყლებზე ზემოქმედების საკითხი ასევე დეტალურად იყო შესწავლილი და ქვემო „ნამახვანჰესის“ ინფრასტრუქტურის ზეგავლენა კურორტ წყალტუბოზე გამორიცხულია.
„გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს სხვადასხვა მნიშვნელოვან კვლევებთან ერთად, როგორიცაა გეოლოგიური, გეოფიზიკური, საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევები, ასევე თან ერთვის წყალტუბოს თერმული წყლების ურთიერთკავშირის შესახებ კვლევა, რომელიც შესრულებულია „TEMELSU INTERNATIONAL ENGINEERING“ კომპანიის მიერ.
რაც შეეხება ქვემო „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესაძლო ზეგავლენას კურორტ წყალტუბოს სამკურნალო თერმულ-მინერალურ წყლებზე, აღსანიშნავია, რომ ბუნებრივ-ჰიდროგეოლოგიური და გეოლოგიური პირობების გათვალისწინებით, ქვემო „ნამახვანჰესის“ ინფრასტრუქტურის განლაგების არეალი გეოლოგიურად აბსოლუტურად არ უკავშირდება წყალტუბოს სამკურნალო თერმულ-მინერალური წყლების ფორმირების, კვების და განტვირთვის არეებს. აქედან გამომდინარე, ქვემო „ნამახვანჰესის“ ინფრასტრუქტურის ზეგავლენა კურორტ წყალტუბოზე გამორიცხულია.
ცნობისთვის, 28 თებერვალს ქუთაისში, მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მოქალაქეებმა ნამახვანჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. პროტესტს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია და პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ.
ამავე თემაზე:
რეალური ინვესტიცია თუ რიონის ხეობის განადგურების საფრთხე – რა ვიცით “ნამახვანჰესის” პროექტზე