პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე, სადაც რიონის ხეობაში ჰესების მშენებლობის საკითხს განიხილავენ, დეპუტატები ეკონომიკის მინისტრს საკითხის გარშემო სხვადასხვა კითხვით მიმართავენ და ამასთან, “ნამახვანიჰესთან” დაკავშირებით საკუთარ პოზიციასაც აფიქსირებენ.
“ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ ქვეყანა, რომ ეკოლოგებს დაუთმო ეკონომიკა არ იარსებებს და არც არაფერი აშენდება.
რეალური ინვესტიცია თუ რიონის ხეობის განადგურების საფრთხე – რა ვიცით “ნამახვანჰესის” პროექტზე
“სად არის ბატონი ზვიადი ტომარძე. ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა და მე მხარს ვუჭერ, რადგან თავის პროდუქციას მხარს უჭერს და გვერდში უდგას და ა.შ. ჩემო ზვიად, შენ რომ გიყვარს და მე რომ მიყვარს ეს ეროვნული პროდუქტი, უფრო მეტი უნდა გაიყიდოს და კონკურენტუნარიანი იყოს. აბა, წარმოიდგინე იმ ჰესის გამომუშავებული ენერგიით რომ არ იყოს ის გაკეთებული, დღეს გაცილებით სხვა ღირებულება ექნებოდა იმ ჯემს, პასტას, რომელსაც მე და შენ ვგულშემატკივრობთ. ისეთი კონკურენტუნარიან ფასში ვერ იქნებოდა.
მე არ ვარ იმის მომხრე, ჰესი აპრიორი უნდა აშენდეს ან არ უნდა აშენდეს. ეკოლოგისტებს რომ დავუთმოთ ეს ქვეყანა, არაფერი არ აშენდება, ფაუნა-ფლორაში იცხოვრეთო. მეორეს მხრივ ეკონომიკა არ გვექნება”. – განაცხადა ირაკლი ზარქუამ კომიტეტის სხდომაზე.
ცნობისთვის, 28 თებერვალს ქუთაისში, მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მოქალაქეებმა ნამახვანჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. პროტესტს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია და პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ.