პორტალზე DuPont Registry გასაყიდად უნიკალური ავტომობილი გამოიტანეს. 1974 წელს გამოშვებული 15 Porsche 911 RSR–დან ერთ–ერთი, რომელიც კოლუმბიელ ნარკობარონს, პაბლო ესკობარს ეკუთვნოდა. გამყიდველი ლეგენდარულ ლოტში 2,2 მილიონ დოლარს ითხოვს.
სარბოლო მოდელი საერთაშორისო ჩემპიონატებზე გამოდიოდა და მას ბრაზილიელი მრბოლელი ემერსონ ფიტიპალდი მართავდა.
რამდენიმე წლის შემდეგ ავტომობილი პაბლო ესკობარმა შეიძინა და კოლუმბიაში გადაიტანა. ნარკობარონის სიკვდილის შემდეგ „პორშე“ ისევ აშშ–ში დააბრუნეს.
ლოტის მაღალი ფასი მხოლოდ იმით არ აიხსნება, რომ ის ესკობარის კოლექციის ნაწილი იყო, მას ისტორიული ღირებულებაც აქვს. გამყიდველი მზადაა, რომ წარადგინოს სერთიფიკატი, რომელიც მოდელის წარმომავლობას ადასტურებს.



