შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს დამატებით, კიდევ ერთი მოადგილე ეყოლება.
აღნიშნულ თანამდებობას, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ალექსანდრე დარახველიძე დაიკავებს.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, დარახველიძე, ამავდროულად, შსს-ს საპარლამენტო მდივანი იქნება.
“ალექსანდრე დარახველიძე სამართალმცოდნეობის მაგისტრია. მას 2019 წლიდან ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია ეკავა.
2018-2019 წლებში დარახველიძე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. 2018 წელს მას სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი ამავე სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იყო.
2009-2012 წლებში დარახველიძე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.
ალექსანდრე დარახველიძე რამდენიმე უნივერსიტეტში ეწევა აკადემიურ საქმიანობას, არის კავკასიის უნივერსიტეტის და ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.” – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ალექსანდრე დარახველიძე გომელაურის მეხუთე მოადგილე იქნება. ამ თანამდებობას ასევე იკავებენ კახაბერ საბანაძე, გიორგი ბუთხუზი, ვლადიმერ ბორცვაძე და იოსებ ჭელიძე.