15 მარტს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი სტუმრობდა, რომელმაც მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
მრავალი სასარგებლო პროექტის ავტორმა, ბატონმა ცეზარ ჩოჩელმა მშენებლობის ბავშვობის სურვილი კომპანიების შენებით აისრულა, მის სახელს უკავშირდება კომპანიების „ლომისის“, „ბარამბოს“, „ზედაზენის“ დაარსება და უამრავი ადამიანი დაასაქმა. ბატონმა ცეზარმა რამდენიმე სფეროში, მათ შორის ეკონომიკაში, ბიზნესსა და პოლიტიკაში მოსინჯა შესაძლებლობები და ყველგან წარმატებას მიაღწია.
– ბატონო ცეზარ, ყოველთვის რთულია საქმის დაწყება და უკვე განვითარებული ბიზნესის შენარჩუნება. თქვენ, როგორც გამოცდილმა ბიზნესმენმა როგორ მოახერხეთ წარმატების ასე დიდი ხნით შენარჩუნება?
– ნებისმიერი ბიზნესის დაწყებისას მთავარი მიზანდასახულობაა, საქმის სიყვარული და ერთგულებაა. დღეს ბევრად უკეთაა განვითარებული ტექნოლოგიები, ვიდრე წლების წინ, როცა ჩვენ ვიწყებდით საქმიანობას, ამიტომ ბიზნესის კეთებაც გაცილებით მარტივია. ინფორმაციის მიღებაზე, რასაც დღეს რამდენიმე წამი სჭირდება, წლების წინ მთელი თვეები იხარჯებოდა. შეუძლებელია არაფერია, მთავარი ადამიანმა არ დაიზაროს, მთელი გულით შეიყვაროს საკუთარი საქმე და მაქსიმუმი გააკეთოს მის გასავითარებლად.
– რამდენად რთულია საიმედო, ერთგული ადამიანების ერთ გუნდში გაერთიანება?
– რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, რადგან ადამიანების დიდი ნაწილი მხოლოდ მოვალეობას იხდის სამსახურში, მაშინ როცა საქმეს, რომელსაც აკეთებს პირველ რიგში, ერთგულება სჭირდება, რაც არა ზოგადად ბიზნესის, არამედ საკუთარი თავის, ოჯახის და ერთმანეთის ერთგულებას გულისხმობს.
– დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ ქველმოქმედებას. რა ფორმით ხორციელდება სოციალური პასუხისმგებლობა თქვენს კომპანიებში?
– ვფიქრობ, ყველა ბიზნესმენის ვალია დაეხმაროს ადამიანებს, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა. მართალია, გასული წელი ძალიან რთული იყო ფინანსურად, მაგრამ ჩვენმა კომპანიებმა მაინც სოლიდური თანხა გაიღეს სოციალურად დაუცველთა, ჯანდაცვის სისტემის და სხვა სფეროების დასახმარებლად. სხვანაირად არც შეიძლება, რადგან ჩვენ გარკვეული პასუხისმგებლობა, ვალდებულება გვაქვს საზოგადოების წინაშე.
– რამდენად საზიანო აღმოჩნდა გასული წლის პანდემია, საწვავზე გაზრდილი ფასი და შემცირებული გაყიდვები ზოგადად ქართული წარმოებისთვის?
– არა მხოლოდ გასული, არამედ 2019 წელიც საკმაოდ რთული იყო. მეტიც, პანდემიის მიუხედავად, ქართული ბიზნესი ნებისმიერ შემთხვევაში კრიზისში აღმოჩნდებოდა, რადგან ლარის კურსის კატასტროფული ვარდნა პირველ რიგში ბიზნესს დააწვა ტვირთად. მართლაც საზარელ სურათს მივიღებთ მოსახლეობის შემოსავალი და გაზრდილი ფასები რომ შევადაროთ ერთმანეთს. ადამიანები მხოლოდ გადარჩენისთვის იბრძვიან, ბიზნესმენები საქმის გადარჩენას, რიგითი მოქალაქეები კი, სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ და არანაირი პერსპექტივა არ აქვთ. დროა, მეტი ყურადღება მივაქციოთ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ სიტუაციას, რადგან უკვე შეუძლებელია ძველი მეთოდებით ხელმძღვანელობა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ახალი მიმართულებების განვითარება და ეკონომიკის აღორძინება, სხვა შემთხვევაში ყოველი შემდეგი წელი წინაზე უარესი იქნება. დღეს ქვეყანაში სამნაირი – ეკონომიკური, პოლიტიკური და პანდემიური კრიზისია, რომელიც ყველაზე დიდ საფრთხეს ჩვეულებრივ მოქალაქეებს უქმნის.
– რამდენად მოქმედებს პოლიტიკური დესტაბილიზაცია ბიზნესზე?
– რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია. რაც უფრო მაღლია პოლიტიკური ტემპერატურა, მით უფრო ნაკლებია ბიზნესის განვითარების პერსპექტივა, მცირდება ინვესტორთა ინტერესიც. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაა, რათა ბიზნესმა შეძლოს თავისუფლად განვითარება.
– როგორც ვიცი, ახალი ბრენდის „ბავარიის“ შემოყვანას გეგმავდით. ახლა რა ეტაპზეა მოლაპარაკება?
– მოლაპარაკებები გრძელდება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბიზნესის გაჩერება, რადგან მცირე პაუზაც კი, უკან დახევას ნიშნავს. სამწუხაროდ, უცხოელი ინვესტორები აღარ ინტერესდებიან ჩვენი ქვეყნით, ხელისუფლება კი, ნაკლებად ზრუნავს ამ პრობლემის მოგვარებაზე.
– რამდენად რთულია კვალიფიციური კადრების მოძიება?
– მართალია, პანდემიამ წარმოების შემცირება და კადრების დათხოვნა გვაიძულა, მაგრამ სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ჩვენ მაინც მაქსიმალურად შევინარჩუნეთ თანამშრომლები. მეტიც, დღეს სხვადასხვა პოზიციაზე ვაკანსიაც კი გვაქვს. თუმცა, ისევ სერიოზულ პრობლემად რჩება კადრების პროფესიონალიზმი. რა თქმა უნდა, აქტიურად ვიყენებთ შიდა გადამზადების პროგრამას, თუმცა მაინც მწვავედ განვიცდით კვალიფიციური კადრების დეფიციტს.
– წარმატებული ბიზნესის პატრონი, რატომ დაინტერესდით პოლიტიკით?
– 2003 წელს ახალგორში ვცხოვრობდი და ბიზნესის დიდი ნაწილიც სწორედ იქ მქონდა, ‘ლომისის“ ქარხანა უკვე ამუშავებული იყო, „ნატახტარისას“ კი მხოლოდ ვაშენებდით. მანძილი სულ რაღაც 35 კილომეტრს შეადგენდა, თუმცა გზა იყო ისეთი დანგრეული, საათნახევარი გჭირდებოდა ახალგორიდან ნატახტრამდე ჩასასვლელად. ერთადერთი საშუალებად პრობლემის გადასაჭრელად პარლამენტში შესვლა და ჩვენი პრობლემის ხმამაღლა განცხადება იქცა, რათა როგორმე მიგვექცია მთავრობის ყურადღება. მაშინ სწორედ ეს იყო ჩემი პოლიტიკით დაინტერესების მთავარი მიზეზი, დღეს კი, სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ სწორედ ახალგორი გახდა პირველი რაიონი, სადაც 2007 წელს სრულად დასრულდა გზის მშენებლობა. მართალია, ბევრი ნიშნისმოგებით მეუბნება, რომ გზების დაგება ნაკლებადაა დეპუტატის საქმე, რასაც აბსოლუტურად ვეთანხმები, მაგრამ სწორედ მაშინ წყდებოდა პარლამენტში გზების საკითხი, როცა მე ჩავიბარე დეპუტატის მანდატი, ამიტომ ვთვლი, რომ ძალიან დროული აღმოჩნდა ჩემი დეპუტატობა. წარმოუდგენელია ბიზნესის განვითარება, როცა ინფრასტრუქტურა და პირველ რიგში, გზაა მოუწესრიგებელი. მართალია, 2012 წელს მტკიცედ გადავწყვიტე პოლიტიკისთვის თავის დანებება და ბიზნესს დაბრუნება, მაგრამ წლები გაგრძელდა სასამართლო პროცესები. იმედი მქონდა, ყველაფერი დარეგულირდებოდა, იქნებოდა სამართლიანი სასამართლო, განთავისუფლდებოდა ბიზნესი და განვითარდებოდა წარმოება, მაგრამ ყველაფერი უარესობისკენ შეიცვალა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ჩვენმა ჯგუფმა პოლიტიკაში დაბრუნება და იმ კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას პოლიტიკაზე დამოკიდებულებისგან და კონკრეტული მინისტრების გადაწყვეტილებებისგან გაათავისუფლებდა. დღეს ქართულ ეკონომიკას ყველაზე მეტად თავისუფალი გარემო და სწორი კანონმდებლობა სჭირდება, რათა მაქსიმალურად განვავითაროთ ქვეყანა. ბევრი კატეგორიულად აპროტესტებს ბიზნესმენების პოლიტიკოსობას, თუმცა ჩემი აზრით, სწორედ მათ უნდა მიიღონ მონაწილეობა კანონმდებლობის შექმნაში. საქართველო ბიზნესზე დგას, ბიუჯეტის 85 პროცენტს 135 ბიზნეს-ჯგუფი ავსებს და ამიტომ, სწორედ იმ ადამიანებმა უნდა იმუშავონ კანონზე, ვინც საკუთარი გამოცდილებით იცის, რა სჭირდება საქმის სწორად და წარმატებით განვითარებას.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
– ჩვენი ბიზნეს-ჯგუფი ძირითადად წარმოების განვითარებითაა დაკავებული, ამიტომ სამომავლოდ ახალი სფეროების ათვისებას, ბიზნესის განვითარებას და მაქსიმალურად ბევრი ადამიანის დასაქმებას ვგეგმავთ. უამრავი ახალი, საინტერესო პროექტი გვაქვს, რომელთა გადადება ქვეყანაში არსებულმა არასტაბილურმა სიტუაციამ გვაიძულა.
– რა პრინციპით არჩევთ თანამშრომლებს?
– პირველ რიგში ცოდნას და პროფესიონალიზმს ვაქცევ ყურადღებას, მუშაობის დაწყების შემდეგ კი, მის შრომისმოყვარეობას ვაფასებ. საბედნიეროდ, ჩვენს გუნდს, მათ, ვინც წარმოებას უძღვება, კარგად აქვს გათავისებული, რომ არა კომპანიისთვის, არამედ საკუთარი კეთილდღეობისთვის მუშაობს. მართალია, გაყიდვების შემცირების გამო რამდენჯერმე დაგვიანდა ხელფასის გაცემა, მაგრამ მაქსიმალურად კომფორტული პირობები შევუქმენით თანამშრომლებს, რადგან სწორედ მათზეა დამოკიდებული ბიზნესის განვითარება. ზოგადად, ბიზნესის წარმატებას არა რამდენიმე ადამიანის, არამედ გუნდის თავდადება და შრომისმოყვარეობა განსაზღვრავს.
– როგორ იქცევით, როცა თანამშრომელი თქვენს ნდობას არ ამართლებს?
– ხშირია ასეთი შემთხვევები. ადამიანი თვითონ ხვდება, რომ ვერ გაამართლა და საკუთარი გადაწყვეტილებით გვტოვებს.
– კრიზისულ სიტუაციაში რა მთავარი თვისებები აღმოაჩინეთ საკუთარ თავში?
– ზოგადად, კრიზისის დროს ხარჯები მცირდება, თუმცა არსებული სოციალური სიტუაციის გათვალისწინებით, მაინც ვერ შევძელი ხარჯების შემცირება. სხვათა შორის, კრიზისს ზარალთან ერთად გამოცდილებაც მოაქვს, რადგან იმ ნაკლოვანებებს ააშკარავებს, რომელთაც ჩვეულებრივ სიტუაციაში ვერ ვამჩნევთ. რა თქმა უნდა, პროდუქტს ვერ შექმნი დისტანციურად, მაგრამ სხვადასხვა მიმართულებით ძალიან საინტერესო აღმოჩნდა დისტანციური მუშაობაა, ამიტომ არაა გამორიცხული, პოსტკრიზისულ პერიოდშიც გავაგრძელოთ ამ ფორმით მუშაობა.
– რით ამაყობთ ყველაზე მეტად?
– ყველაზე მეტად ოჯახით ვამაყობ, რომელიც 27 წელია ზურგს მიმაგრებს. ოჯახი ყველაზე დიდი სიმდიდრეა, რომელსაც ვერანაირი ქონება, ვერანაირი წარმოება ვერ გაუტოლდება.
– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?
– ძალიან სწრაფად.
ბლიცკითხვები:
– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?
– „საქმე, საქმე და საქმე!“
– ლუდი თუ ღვინო?
– რა თქმა უნდა, ლუდი.
– სპორტული გატაცება, რომლისთვისაც ყოველთვის პოულობთ დროს?
– ძიუდო ჩემთვის ყველაფერია.
– სამაგალითო ბიზნესმენი და მისაბაძი ადამიანი ყოფით ცხოვრებაში?
– ძალიან ბევრია, ამიტომ ერთს ვერ დავასახელებ, ყოფით ცხოვრებაში კი, მამა იყო მისაბაძი. სწორედ მისგან ვისწავლე ყველაფერი და მან მაჩვენა როგორი უნდა ვყოფილიყავი.
– ხართ თუ არა კოლექციონერი?
– არა, არაფერს ვაგროვებ.
– რა თვისებებს აფასებთ ბიზნეს პარტნიორში?
– შრომისმოყვარეობას, მიზანდასახულობას და შრომისმოყვარეობას. ბიზნესპარტნიორი ერთი ორგანიზმის ნაწილია, ამიტომ ჩვენი აზრები და მსოფლმხედველობა თუ არ დაემთხვა, არც წარმატებული ბიზნესი შედგება.
– რას ვერ აპატიებთ მას?
– ვერასდროს ვაპატიებ ღალატს.
– მიირთმევთ შოკოლადს?
– ძალიან ბევრს.
– კერძი, რომელსაც თვითონ ამზადებთ?
– მწვადი.
– რაში ხარჯავთ ფულს განსაკუთრებული სიამოვნებით?
– ალბათ, ყველაზე მეტი საჩუქრებსა და ქველმოქმედებაში მეხარჯება.
– საჩუქარი, რომელიც ყველაზე მეტად გახარებთ?
– მამაკაცის პარფიუმი.
– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?
– საქართველოს ლამაზ ფერებში.
გადაცემის აუდიოჩანაწერი: