“ალიანსი აგრძელებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად”, – ამის შესახებ აღნიშნულია ნატო-ს გენერალური მდივნის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელშიც შეჯამებულია ალიანსის მიერ 2020 წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი აქტივობები.
ანგარიში 2021 წლის 16 მარტს გამოქვეყნდა და სხვადასხვა მნიშვნელოვან მიმართულებასთან ერთად, მასში საუბარია ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში გატარებულ ღონისძიებებზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტში საქართველო თავდაპირველად ნახსენებია ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის ქვეთავში:
“აღნიშნულია, რომ ალიანსი აგრძელებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერას 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების დამფუძნებელ პრინციპს და ალიანსის ყველაზე დიდ და ხელშესახებ წარმატებას ბოლო წლების განმავლობაში”. – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გენერალური მდივნის ანგარიშში ცალკე ქვეთავი ეძღვნება საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხს, სადაც ხაზგასმულია განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობა, რომელიც დამტკიცდა 2020 წელს:
“ასახულია, რომ განახლებული პაკეტი მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ შორის კიბერ ლაბორატორიის განვითარებას, ნატო-სა და საქართველოს შორის უსაფრთხო კომუნიკაციის დამყარებას, სამხედრო ინჟინრების სწავლებასა და გაუმჯობესებული ინფორმაციის გაცვლას საზღვაო და საჰაერო სივრცეში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
ამასთან საგულისხმოა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი გამოკვეთილია ანგარიშის შეკავების, თავდაცვისა და დიალოგის პოლიტიკის თავში, სადაც ხაზგასმულია 2020 წელს შავ ზღვაზე ალიანსის გააქტიურების მნიშვნელობა და ამ კონტექსტში საქართველოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტულობა”. – აღნიშნავენ სამინისტროში.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის ანგარიში ადეკვატურად ასახავს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს, როგორც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.
დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს განსაკუთრებულ როლზე ნატო-ს მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობის კუთხით.
