“საიდუმლო არ არის, თუ ვიტყვით, რომ მედიაციის პირველი რაუნდი იყო იმედგაცრუება, იმ თვალსაზრისით, რომ ვერ იყო მიღწეული ის შეთანხმება, რასაც ევროკავშირი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოსთვის, რათა ქვეყანამ წინსვლა გააგრძელოს.” – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრის დროს და აღნიშნა, რომ ახლა ყველა პოლიტიკური ლიდერის ერთად დასხდომის დროა.
კარლ ჰარცელი ევროპის საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის საქართველოში მორიგ ვიზიტს ეხმიანება და ამბობს, რომ მედიატორი ჩამოვა, რათა ნახოს, ჯერ კიდევ არის თუ არა მხარეებს შორის საერთო პოზიციის გამონახვის შესაძლებლობა:
“დანიელსონი ჩამოვა, რომ ნახოს, ჯერ კიდევ არის თუ არა მხარეებს შორის საერთო პოზიციის გამონახვის შესაძლებლობა. ახლა აქტიურად ფიქრის დროა, ყველა მხარის საწყის პოზიციებთან დაკავშირებით, არის თუ არა შესაძლებელი ფართო შეთანხმების ნაწილად ყოფნა. ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ პოლიტიკური ლიდერობისა და ყველა პოლიტიკური ლიდერის ერთად დასხდომის დროა.
ვფიქრობ, არის შეთანხმების რეალური შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ ყველა მხარეს ექნება გულწრფელი სურვილი, გადადგან საჭირო ნაბიჯები ყველა მხარისთვის მისაღები შედეგისკენ.” – თქვა ჰარცელმა.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს პირველი ვიზიტით 12 მარტს ეწვია.
ის ხვდებოდა საქართველოს პრეზიდენტს, მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს.
დიპლომატის მთავარი მისია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არსებული დაძაბულობის განმუხტვაა.
დანიელსონს საქართველოში კვლავ ელოდებიან. როგორც ცოტა ხნის საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ოფიციალური ინფორმაციით, კრისტიან დანელსონი საქართველოში კვირის ბოლოს, სავარაუდოდ, ხვალ ან ზეგ ჩამოვა.