სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ტონამდე გაურკვეველი წარმომავლობის და ვადაგასული ხორცი დალუქა.
სააგენტოს ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახური ხორცის სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებას აგრძელებს.
“24-25 მარტს დედაქალაქის მასშტაბით 9 ობიექტი შემოწმდა, საიდანაც 4 მათგანში 490 კგ. გაურკვეველი წარმომავლობის (ხორცს არ ახლდა სასაკლაოს მიერ გაცემული ვეტერინარული ზედამხედველობის დოკუმენტი) და 507კგ. ვადაგასული ხორცის განთავსების ფაქტები გამოვლინდა:
▪️ ი/მ – (მის: ფიფიას ქ.17) – 147. კგ ვადაგასული ხორცი;
▪️ შპს „ისთანბულ“ ( ს/კ 438111268) მის: მეველის ქ.25) – 340 კგ. გაურკვეველი წარმომავლობის, 360 კგ.-მდე ვადაგასული ხორცი;
▪️ შპს „სანდრო“ (ს.კ 439395085 მის: აგლაძის ქ.32) – 100 კგ.-მდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი;
▪️ შპს „ჯი ემ ენ ხორც პროდუქტები“ (ს/კ 433103722 მის: აგლაძის ქ.32) – 50 კგ. გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი
ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, ხორცი დაილუქა და დაექვემდებარება განადგურებას.” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ასევე კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა ორ ობიექტს – შპს „ნიკორას“ (ს/კ 454409480 მის: დიდუბე, აგლაძის ქ. 32; აღნიშნულ ობიექტს კავშირი არ აქვს იგივე დასახელების სავაჭრო ქსელ „ნიკორასთან“) და შპს.“ინას“. (ს.კ 422431791 მის: დიდუბე, გოგლაურის ქ. N5)
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გრძელდება ხორცის სარეალიზაციო ობიექტების შემოწმება.
მიმდინარე წელს 1048 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა და სხვადასხვა დარღვევისთვის 104 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.