LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისტიან დანიელსონი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

87
კრისტიან დანიელსონი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი საქართველოში, კრისტიან დანიელსონი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდება. მესამე სექტორი დანიელსონს ქვეყანაში არსებული კრიზისის გადაჭრის გზებზე საკუთარ ხედვებს გააცნობენ.

“სამართლიანი არჩევნების” დირექტორმა ნინო დოლიძემ ჟურნალისტებს კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყების წინ განუცხადა, რომ პარლამენტში წარდგენილი საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ინიციატივები არასაკმარისია და “არსებული პრობლემების ფასადურად გადაჭრა არ უნდა მოხდეს”.

შეგვატყობინეს, რომ დანიელსონთანაა დღეს შეხვედრა, აინტერესებს ჩვენი მოსაზრება მიმდინარე კრიზისთან დაკავშირებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რათა გავატაროთ ის სისტემური რეფორმები, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს ერთი პარტიის მმართველობას. რიგგარეშე არჩევნები არის პოლიტიკური თემა და პოლიტიკური მოლაპარაკებების საგანი. გამოსავალია, ისე მოხდეს საარჩევნო სისტემის, საარჩევნო კომისიების, სასამართლო სისტემის დაბალანსება, რომ ოპოზიციურ პარტიებს ამ ყველაფერში თანაბარი მონაწილეობა ჰქონდეს”, – აღნიშნა ნინო დოლიძემ.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენელის, გვანცა წულუკიძის თქმით, შეხვედრის მიზანია, არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააფიქსირონ საკუთარი პოზიციები მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით.

„ეს არის განმეორებითი შეხვედრა, დაახლოებით, ათი დღის წინ გვქონდა პირველი შეხვედრა. ახლა ვხვდებით, რომ გავაჟღეროთ ჩვენი პოზიციები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. იმ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი, რომლის შექმნაზე ცალსახად პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, არის ერთადერთი – მოლაპარაკება ოპოზიციასთან. იმისთვის, რომ ლეგიტიმური გახდეს პარლამენტი და მომდევნო სამუშაო პროცესი, ხალხის ნდობის მოსაპოვებლად აუცილებელია, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, რასაც წინ უძღოდეს როგორც საარჩევნო რეფორმა, ასევე სასამართლო რეფორმა, რათა იყოს ნდობა და არჩევნები ჩატარდეს ნორმალურ რეჟიმში, ჰქონდეს საზოგადოებას ნდობა. ვაპირებ, ვისაუბრო სასამართლო რეფორმასთან მიმართებაში, რომ მნიშვნელოვანია, სასამართლოში განხორციელდეს არა ისეთი ფრაგმენტული ცვლილებები, როგორიც ახლა არის შემოთავაზებული, არამედ კომპლექსური და ყოვლისმომცველი, რაც უნდა დაიწყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებით. ჩემი ორგანიზაციის პოზიციით, რიგგარეშე არჩევნები არის აუცილებელი ამ ჩიხიდან გამოსასვლელად“, – განაცხადა გვანცა წულუკიძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ჩამოვიდა. დანიელსონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს 29 მარტიდან დაიწყებს. ის საქართველოში სამი დღის განმავლობაში დარჩება.

ველი თანამშრომლობას ოპოზიციასთან და მმართველ პარტიასთან, ახლა კომპრომისის დროა – კრისტიან დანიელსონი

magti 5g