LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაცია უარესდება, იზრდება ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზეც, ეს ძალიან საყურადღებოა: ამირან გამყრელიძე

54
ამირან გამყრელიძე

“ეპიდსიტუაცია ბოლო ორი კვირის განმავლობაში სამწუხაროდ, უარესდება. ინციდენტობა და დადებითობის მაჩვენებელი, რომელსაც საკმაოდ კარგი დინამიკა ჰქონდა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მცირედ, მაგრამ გაუარესდა.” – ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე, დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალიან საყურადღებოა, ამასთან, თანდათან იზრდება ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზეც:

“დღეს გვაქვს ახალ შემთხვევათა რაოდენობა 673. ქვეყანაში ჩატარებულია დაახლოებით, 31 000-მდე ტესტი. ამ ფონზე 673 ძალიან საყურადღებო მაჩვენებელია, დადებითობის მაჩვენებელი გაიზარდა, დღიური 2,19%-მდე, თუმცა 14-დღიანი გვაქვს 1,69.  7-დღიანი – 1,60. მარტის მთლიანი დადებითობის პროცენტი არის 1, 63. ბოლო 30 დღის 1,6. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებლები და ეპიდსიტუაცია უკეთესია ვიდრე თებერვალში გვქონდა და კიდევ უკეთესი ვიდრე იანვარში, მაგრამ ბოლო 2 კვირაში გაუარესების ტენდენცია გამოჩნდა. ბოლოს 600-ზე მეტი შემთხვევა თებერვლის პირველ კვირაში გვქონდა. აქედან გამომდინარე, ეს ძალიან საყურადღებოა! ბინაზე და საავადმყოფოებში დღევანდელი რიცხვით 4 447 პირია და თანდათან იზრდება ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზეც. გუშინ გვქონდა სიკვდილიანობის მატება, თუმცა ბოლო სამი თვის განმავლობაში, სიკვდილიანობის დინამიკა კლებისკენაა.” – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც მან აღნიშნა, რწმენამ, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ, შესაძლოა სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს და გამეორდეს იგივე, რაც ნოემბერ-დეკემბერში იყო:

“როგორც აგვისტოში, ახლაც დავიჯერეთ, რომ გავიმარჯვეთ კორონავირუსულ ინფექციაზე. ამან შეიძლება მიგვიყვანოს სავალალო შედეგებამდე, გამეორდეს იგივე, რაც ნოემბერ-დეკემბერში იყოს. ამიტომ ყველას გთხოვთ, განსაკუთრებით ტელევიზიებს, რომ მეტი მოწოდებები გავაკეთოთ და ინფორმაცია მივცეთ მოსახლეობას, თუ რას ნიშნავს პრევენციული ღონისძიებები.” – განაცხადა მან.

გამყრელიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ და აღნიშნა, რომ გამოსავალი პრევენციული ღონისძიებების დაცვასა და იმუნიზაციის პროცესის გააქტიურებაშია. 

 

magti 5g