სახეზეა როგორც დაზვერვის, ასევე დაგეგმვის ჩავარდნა – ერთი ბინის ნეიტრალიზაციას ორ საათზე მეტი არ უნდა სჭირდებოდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ნიკა რურუამ განუცხადა.
რურუას ინფორმაციით, პირები, რომელთა წინააღმდეგაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, აღნიშნულ ბინაში ორ წელზე მეტია იმყოფებიან, საცხოვრებელ სახლში კონცენტრირებულია დიდი რაოდენობით იარაღი და ეს ყველაფერი შესაბამისი სამსახურების გვერდის ავლით მოხდა.
რურუას განცხადებით, აღნიშნული იმას ადასტურებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოება არის ძალიან დაბალ ნიშნულზე და ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემებია.
„პირველ რიგში, მინდა, სპეცოპერაცია უმსხვერპლოდ დასრულდეს. მინდა სპეცოპერაციის მონაწილეებსა და მოქალაქეებს მშვიდობიანი დასრულება ვუსურვო. ბუნებრივია, არსებობს კითხვები ოპერაციასთან დაკავშირებით, რომელიც 18 საათია მიდის. სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ ერთი განცხადება გავრცელდა,” – განუცხადა ჟურნალისტებს ნიკა რურუამ.