LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასწავლეთ შვილებს სურვილის გადავადება და სხვების გათვალისწინება“ – მარტა ქარუმიძე

983
martaqarumidze

„ფორტუნა“ გთავაზობთ გადაცემების „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ და „FM ქოუჩი” ავტორის და წამყვანის, პოზიტიური ფსიქოკონსულტანტის მარტა ქარუმიძის ბლოგს.

ერთმა ფსიქოლოგმა მითხრა, „ზოგჯერ ბავშვს „არა“ უნდა უთხრა მაშინაც, როცა ფული გაქვს ჯიბეში, ამით მოთმინებას გამოუმუშავებ. სხვა შემთხვევაში მაშინ, როცა მართლა არ გექნება, ბავშვს შენი „უარი“ უფრო გაუძნელდება და ვერც გაგიგებს“. მშობლები ცდილობენ ბავშვი იყოს ბედნიერი და ამიტომ ყველა „მოთხოვნას“ მყისიერად უსრულებენ. როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, „მშობლებს, რომლებსაც 90-იანი წლები გვაქვს გამოვლილი, რაღაც შიშები გვაქვს და ბავშვებს ოცნებებს და მიზნებს აღარ ვუტოვებთო“. შედეგად ბავშვი ეჩვევა და ფიქრობს, რომ მშობელს საკუთარი მოთხოვნილებები არ აქვს და მხოლოდ მისი სურვილების შემსრულებელია.

საბედნიეროდ არსებობს განსხვავებული მიდგომები. ჩემი მეგობრის შვილს უნდოდა კონკრეტული სათამაშო. სახლში დაბრუნებულ მშობელს ბავშვმა ჰკითხა, იყიდა თუ არა სათამაშო, რაზეც მშობელმა უპასუხა, რომ ფული მისთვის საჭირო ნივთისთვის სჭირდებოდა და ვერ მოახერხა. იმ მომენტში მას შეეძლო სათამაშოს ყიდვა, თუმცა როგორც ამიხსნა, სურდა შვილისთვის ესწავლებინა, რომ ცხოვრებაში მისი ყველა სურვილი მყისიერად არ სრულდება, საჭიროა დრო, მოთმინება და მშობლის საჭიროებების გათვალისწინება.

სპეციალისტები, ფსიქოლოგები, რომლებიც ბავშვებისა და მოზარდების თემებზე მუშაობენ, აქცენტს რამდენიმე მთავარ პრობლემაზე აკეთებენ.

როცა ბავშვს არ აქვს თმენისა და სურვილის გადავადების უნარი, სასურველის მისაღებად მიმართავს: ტირილის ან ყვირილის ფორმებს, ჩხუბობს, იბუტება, მშობელს ადანაშაულებს, რომ ვერაფერს უკეთებს, ავალდებულებს. ხშირ შემთხვევაში მშობლები ამას ვერ უძლებენ და უსრულებენ ყველა „კაპრიზს“. შედეგად ვიღებთ ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია ელემენტარული სურვილის გადავადება, მშობლის სიტყვა და სურვილები (მოზარდობაში, ზრდასრულობაში) მისთვის მეასეხარისხოვანი ხდება, ვინაიდან აქამდე მაგალითის სახითაც არ ჰქონია, რომ მშობელსაც აქვს საკუთარი საჭიროებები და სურვილები. ამიტომ ბავშვი მიიჩნევს, რომ მშობელი მხოლოდ მისი სურვილების რეალიზებისთვისაა.

როცა მშობელი ბავშვს ზრდის “სათბურის” პირობებში, ბავშვმა არ იცის რა არის წინააღმდეგობის გადალახვა. გარე სამყარო, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ არის „სათბური“, მას არ აძლევს დაუყოვნებლივ ყველაფერს, რასაც ის აქამდე მშობლისგან „მოითხოვდა“. შესაბამისად ასეთ პირობებში გაზრდილ ბავშვებს მცირე წინააღმდეგობის შემდეგ ხშირად ექმნებათ ფსიქოლოგიური ტიპის პრობლემები,  ზრდასრულ ასაკში კი მაინც მშობელს„ავალდებულებენ“. რიგ შემთხვევებში ხდებიან ეგოცენტრულები, ამოდიან მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან. ასეთ სიტუაციებში ბავშვები ეჯაჭვებიან მშობლებს. დასაწყისში მშობლებს ეს მიჯაჭვულობა მოსწონთ, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ხვდებიან, რომ გაუცნობიერებლად ხელი შეუწყეს შვილის სხვადასხვა უნარებისა და გრძნობის დაქვეითებას (მათ შორის ემპათიისა და პასუხისმგებლობის).

გარემო ადამიანზე თავის გავლენას ახდენს, მაგრამ არა ისეთს, როგორიც აქვს ოჯახს, მშობლებს და მათ ფასეულობებს. მშობლებს სურთ ყველაფერი გაუკეთოთ შვილებს, მაგრამ მთავარია, როგორ აღწევს თქვენი შვილი ამ “ყველაფერს”, როგორ სწავლობს მოთმენას, სურვილის გადავადებას, პრობლემასთან გამკლავების გზებს, როგორ ითვალისწინებს სხვებს, მათ შორის თქვენ. მნიშვნელოვანია პრობლემის შემთხვევაში ბავშვი (მოზარდი) არ „დაინგრეს“, ამისთვის მას მშობელი ნელ-ნელა ამზადებს. ამიტომ ასწავლეთ შვილებს სურვილის გადავადება და სხვების გათვალისწინება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები