პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ნამდვილად იყო ერთ-ერთი პოლიტიკოსი ოპოზიციიდან, რომელსაც სურს მმართველ გუნდთან ერთად შეთანხმება შედგეს. მისი შეფასებით, ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილი უბრუნდება „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებულ პრინციპულ განცხადებას, რომლის თანახმადად, თუ ოპოზიცია მზად არის გადადგას ნაბიჯი და დაეთანხმოს ამ პირობებს, „ქართული ოცნება“ მზად არის შეთანხმებისთვის.
“ვფიქრობ, ვაშაძემ უფრო გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგას იმ კოლეგებთან ერთად, ვისაც აქვს ჯანსაღი დამოკიდებულება ამ დიალოგის ფარგლებში და ვინც ნამდვილად თვლის, რომ დემოკრატიისთვის სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა ეს არ არის გამარჯვება ოპოზიციისთვის, ეს არ არის გამარჯვება ქვეყნისთვის,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი შეფასებით, ოპოზიციის მხარდამჭერებიც კი არ უჭერენ მხარს „გაკოტრებულ დესტრუქციულ გეგმას“, რომელსაც ოპოზიციის რადიკალური ნაწილი მთელ ოპოზიციას თავს ახვევდა, რომ ცვლილებები ან გადაწყვეტილებები მიღებულიყო პარლამენტის გარეთ, საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით.
„კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პრინციპულად მზად ვართ, ოპოზიციის თუნდაც ჯანსაღ ნაწილთან განვიხილოთ შეთანხმების საკითხი თუ ისინი გადახედავენ პოზიციას, რომელიც ბოლო დიალოგში ჰქონდათ. მაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ ეს შეთანხმება შესაძლებელია შედგეს ოპოზიციის თუნდაც ჯანსაღ ნაწილთან. მე მხოლოდ ვმსჯელობ იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რაც მათ საჯაროდ გააკეთეს ბოლო დღეების განმავლობაში,”- აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას თალაკვაძემ.
მისი თქმით, ამ კონტექსტში გიორგი ვაშაძის განცხადება მისასალმებელია, ხოლო “ქართული ოცნება” მზადაა კონსტრუქციული ნაბიჯებისთვის, დიალოგისთვის, თუ შეთანხმების შესაძლებლობა გამოიკვეთება. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ამას სჭირდება ოპოზიციის მხრიდან გადახედვა იმ დამოკიდებულების და პასუხების, რაც ბოლო დიალოგში გაკეთდა.
“ოპოზიციის გეგმა არის გაკოტრებული და ამას სწორად ხედავს გიორგი ვაშაძე და სხვა მისი კოლეგებიც, ვისაც ჯანსაღი დამოკიდებულება აქვს. „გირჩი“ და „მოქალაქეები“ არის ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მაშინვე დაეთანხმნენ ამ პირობებს და რომლებიც პირდაპირ მიუთითებდნენ, რომ ხელისუფლება მზად იყო შეთანხმებისთვის. ამ ხალხმა სიმართლე თქვეს და ეს სიმართლე დასაფასებელია“, – განაცხადა თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ოპოზიციასთან შეთანხმების შესაძლებლობა უახლოეს პერიოდში იქნება შესაძლებელი, რადგან ბოლო დიალოგის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა – გამოქვეყნდა საზოგადოებრივი აზრის კვლევები, სადაც ჩანს, რომ საზოგადოება მათ ბოიკოტს მხარს არ უჭერს.