“სამწუხაროდ, როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე საქართველოში, რეინფიცირების მაჩვენებელი იზრდება.” – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა განაცხადა.
როგორც ამირან გამყრელლიძემ თქვა, თუ ადრე გარანტირებულები ვიყავით, რომ ვირუსის გადატანის შემდეგ ხელმეორედ არ დავინფიცირდებოდით, დღეს ეს ასე აღარ არის:
“გზავნილი არის ის, რომ თუ ჩვენ ინფექციას გადავიტანდით და გარანტირებული ვიყავით, რომ კოვიდ-19 მეორედ არ შეგვხვდებოდა, სამწუხაროდ, ახლა არ არის ასე. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ უკვე არის მუტაციები და ბევრი სხვადასხვა შტამი ცირკულირებს, ასევე წამყვანი არის ბრიტანული შტამი, რეინფიცირების მაჩვენებლი იზრდება.” – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე განცხადებით, მთავარი რეკომენდაცია და საკოორდინაციო საბჭოს გადწყვეტილება არის ის, რომ უკიდურესად უნდა გამკაცრდეს იმ შეზღუდვების აღსრულება, რაც დაწესებულია:
“ჩვენი რეკომენდაცია და საკოორდინაციო საბჭოს გადწყვეტილება არის რომ, ამ ეტაპზე, უკიდურესად უნდა გამკაცრდეს იმ შეზღუდვების აღსრულება, რაც დაწესებულია. ეს არის ორი მთვარი შეზღუდვა – ე.წ. კარანტინი და დიდი თავშეყრების პრევენცია. ამაზე მაქსიმალური ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული, ასევე მნიშვნელოვანია პირბადის მაქსიმალური ტარება. თუ ჩვენ ინფიცირებულების რაღაც ზღვრამდე ავალთ, შემდეგ უკვე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს. დღეს პირბადის ტარების მაჩვენებლი არის 50%-ზე.” – თქვა გამყრელიძემ.
დღევანდელ ბრიფინგზე მან ასევე აღნიშნა, რომ კლასტერების რაოდენობა იზრდება. დღეს დილის მონაცემებით დამატებულია ლაგოდეხის კლასტერი. ჯამში, 18-მდე კლასტერია, თუმცა ყველა მართვადია.