ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამ პირთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური კვლავ პატიმრობაში რჩებიან.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა. ბრალდების მხარე დაკავებულების მხრიდან, როგორც მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურებისა და ასევე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე ამახვილებდა ყურადღებას.
ვაჟა გიგაურის ადვოკატი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, სულიკო საყევარაშვილის და გიორგი სახელაშვილის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ, სასამართლოს ალტერნატივის სახით კი, 4 000-ლარიანი გირაოს სთავაზობდნენ.
ცნობისთვის, „ფორმულას“ ჟურნალისტ ვახო სანაიას 25 თებერვალს თავს დაესხნენ. თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს – სულიკო საყევარაშვილს, გიორგი სახელაშვილსა და ვაჟა გიგაურს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ისინი სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე დააკავეს.
მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.