ვისი პროექტიც არ უნდა იყოს, ამ პროცესში პოზიტივი უფრო მეტია, – ასე ეხმაურება პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი, ეკა ბესელია გიორგი გახარიას პოლიტიკაში დარჩენასა და მისი ახალი გუნდის გამოჩენას პოლიტიკურ სარბიელზე. ამის შესახებ მან “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” ისაუბრა.
ბესელია მიიჩნევს, რომ ახლა ოპოზიციურ ფლანგზე ახალი ძალის გამოჩენა საჭიროა, თუმცა დასძენს, რომ იმისთვის, რომ გიორგი გახარია ფსევდოოპოზიციად არ ჩაითვალოს, მას გარკვეულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.
“ცუდი მოვლენა არ არის. ახლა ვისი პროექტია და ვის ინტერესებში იქნება, ეს არის ტესტი, კითხვები, გამოცდა, რომელიც უნდა გაიაროს გახარიამ და მასთან დაკავშირებულ ეჭვებს უპასუხოს. ეს მისი დიდი გამოწვევაა. პირველ რიგში, მან უნდა თქვას, რა არის მისი მიზანი. ის, რომ არ მოეწონა მელიას დაპატიმრების ფორმა, ეს არ არის საკმარისი, ფორმა არ შეიძლება იყოს მთავარი განმასხვავებელი საკუთარი პარტიისგან. მგონია, რომ შინაარსი უნდა იყოს პრობლემა, ვგულისხმობ, იმ შემთხვევას, რაც მმართველმა პარტიამ დაუშვა.
ველოდები და ვისურვებ, იმას, რომ გახარია ოპოზიციურ ფლანგზე გამაგრდეს. ალბათ, ეცდება იყოს კონსტრუქციული. დარწმუნებული ვარ, ექნება ის პოზიცია, რომ უფრო იყოს აკადემიური, თავშეკავებული და ნაკლებად კრიტიკული, ამიტომ ბევრი კითხვა იქნება მის მიმართ.
უნდა უპასუხოს კითხვებს, მათ შორის 20 ივნისთან დაკავშირებით. მაგრამ, მე ამ პროცესს მაინც პოზიტიურად ვუყურებ და მივესალმებით, – განაცხადა ეკა ბესელიამ “ფორტუნას” ეთერში.