“მედიატორების მიერ შედგენილი დოკუმენტი კომპრომისულია, თუმცა არის დაუზუსტებელი საკითხები, მათ შორის, ნიკა მელიას თემა,” -ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ პოლიტსაბჭოს სხდომამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღეს პოლიტსაბჭოზე გვექნება ამ დოკუმენტის განხილვა. ეს დოკუმენტი არის მაქსიმალურად შეჯერებული და აქ გათვალისწინებულია ყველა მხარის პოზიცია. ის ფაქტი, რომ „ოცნება“ ხელს არ აწერს დოკუმენტს, არის ლუსტრაცია, რომ მათ არ უნდათ შეთანხმება და ეს ნათლად მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ „ქართულ ოცნებას” ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გახანგრძლივება უნდა,” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისი თქმით, ბრიუსელში, სადაც კონსულტაციები გაგრძელდება, ბევრი შეხვედრაა ჩანიშნული და შესაბამისად, ხაზარაძის სიტყვებით, ოპოზიცია კიდევ ეცდება გააძლიეროს ნდობა, რომელიც ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა გამოგვიცხადეს.
“დოკუმენტი არის კომპრომისული და პირადად მე ამ დოკუმენტს ვეთანხმები, მაგრამ არის რამდენიმე ტექნიკური საკითხი, მათ შორის, მელიას საკითხი, თუ როგორ უნდა იყოს გადაწყვეტილი.იცით, რომ თუ მელია არ იქნება გარეთ, „ლელო” პარლამენტში შესვლას არ აპირებს – ამ საკითხების ჩვენს პარტნიორებთან დაზუსტება მნიშვნელოვანია”, – განაცხადა მან.
ხაზარაძის თქმით, პარლამენტში ფრაგმენტულად შესვლაზე საუბარი ძალიან დიდი შეცდომაა. “ლელოს” ლიდერი ამბობს, რომ ისინი საუბრობენ ისეთ შესვლაზე და ისეთი დოკუმენტის ხელმოწერაზე, სადაც არა მარტო საკონსტიტუციო უმრავლესობა იქნება, არამედ უმრავლესობა – ოპოზიცია, ვინც გარეთ არის, შევა პარლამენტში იმიტომ, რომ ქვეყანაში დაიწყოს გადატვირთვა.
“ეს არის სასამართლო რეფორმა, საარჩევნო სისტემის რეფორმა, პოლიტპატიმრების თემა და ა.შ. საუბარი არ არის რაღაც რაოდენობის მოგროვებაზე, რომ უმრავლესობა შეიქმნას. დადგა დრო მივიღოთ გადაწყვეტილება და ბოიკოტიდან, რომელმაც საკმაოდ სერიოზული შედეგი გამოიღო, პროცესები გადავიდეს პარლამენტში“,- განაცხადა ხაზარაძემ.