შეთანხმებაზე ხელის არმომწერი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ციხის დატოვებას არც ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის გზით და არც ამნისტიით აპირებს. მაშინ როცა „ქართული ოცნება“ ხელმოწერილი შეთანხმების რევიზიას გამორიცხავს, „ლელოს“ მხრიდან ჩნდება ინიციატივა ევროპარლამენტართა თავდებობაზე. პარალელურად მიმდინარეობს ამნისტიის აქტის პროექტის ვერსიებზე მუშაობა.
მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ დირექტორმა ლადო ბოჟაძემ ისაუბრა.
„სამართლებრივად ძალიან რთული იქნება ამნისტიის კონკრეტულ პიროვნებებზე მორგება, თუ ვგულისხმობთ იმას, რომ ეს ადამიანები სავარაუდო ძალაუფლების გადამეტებაში არიან სავარაუდოდ, ბრალდებულები და მიდის ძიება. შეიძლება მათზე ვერც გავრცელდეს, რადგან ამნისტიასაც თავისი შეზღუდვები აქვს.
თუმცა ის, რომ ამნისტიის კანონში კონკრეტული სახელები და გვარები ჩაიწეროს, განსხვავებით შეწყალების მექანიზმისგან ასეთი რამ უბრალოდ ვერ განხორციელდება.
რაც შეეხება უშუალოდ ნიკა მელიას საკითხს, თუ ის უარს იტყვის ევროკავშირის მიერ გადახდილ გირაოზე, ან ევროპარლამენტარების თავდებობაზე ეს მისი არჩევანია და მას შეუძლია დარჩეს ციხეში ამნისტიის მიღებამდე, მაგრამ რა წამსაც ამნისტია შევა ძალაში, ბუნებრივია მას მოუწევს ნებით თუ ძალით ციხის დატოვება. იმიტომ, რომ სხვაგვარად მისი სამართლებრივად არც ერთი წამით ციხეში გაჩერების საშუალება კანონმდებლობას არ ექნება და ეს უკვე იქნება მისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა.
ამიტომ ჩვენ ეს საკითხი ორგვარად უნდა განვიხილოთ- რა მექანიზმით შეიძლება უსწრაფესად დატოვოს ციხე ნიკა მელიამ ამნისტიის მიღებამდე, თუმცა ამნისტიის შემთხვევაში ის ყველა შემთხვევაში დატოვებს ციხეს.
ლადო ბოჟაძემ ამნისტიის კანონთან დაკავშირებით ასევე აღნიშნა, რომ მოხვდებიან თუ არა კონკრეტული, სავარაუდო დამნაშავეები ამნისტიაში ეს უკვე მსჯელობის საგანია, მაგრამ ამნისტია გულისხმობს იმას, რომ შეეხოს კონკრეტულ მუხლს და არა კონკრეტულ პიროვნებებს.
„ამ კონკრეტულ საქმეზე არაერთ ადამიანზეა საქმე აღძრული და ყველა საქმე უნდა შეწყდეს.
არამხოლოდ ნიკა მელიასი, არამედ სხვა დანარჩენებისაც.
ნიკა მელიაა ალბათ ერთი ამოცანაა, რომ დარჩეს მინიმუმ 15 მაისამდე, ვიდრე ეს დაანონსებული აქცია ჩატარდება, ან რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს ციხეში.
რაც შეეხება ამნისტიით გათავისუფლებას თქვენ იცით, რომ მის საქმეზე საბოლოო სასამართლო არ ჩატარებულა და არც არასოდეს ჩატარდება იმიტომ, რომ იქნება მიღებული ამნისტია. ამ კონკრეტულ საქმეზე ნიკა მელია გამართლდება თუ გამტყუნდება ვერასოდეს ვერ გავიგებთ, რადგან ამნისტია შეეხება მასაც და ყველას ვინც ამ საქმესთან იყო დაკავშირებული.
რაც შეეხება „ლელოს“ ინიციატივას თავდებობასთან დაკავშირებით, ბოჟაძე აღნიშნავს, რომ ეს ევროპარლამენტარების გადასაწყვეტია.
„ჩვენი კანონმდებლობით ეს დასაშვებია, როგორც ჩანს ევროპარლამენტარების დაინტერესება იმაში გამოიხატება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯერ კიდევ არ მოუწერია ხელი, მიუხედავად იმისა, რომ 113 ხმა უკვე შეგროვებულია, სასურველია ნაციონალური მოძრაობა არა ინდივიდუალურ დონეზე, არამედ პარტიულ დონეზე შეუერთდეს პარლამენტში მუშაობას.
აქედან გამომდინარე, ჩვენი პარტნიორები, რა თქმა უნდა, ბოლომდე მიადევნებენ თვალს ამ პროცესს, თქვენ იცით, რომ ხელმოწერის პროცესი არ დასრულებულა, პირიქით, სწორედ ხელმოწერით დაიწყო პროცესი.”-აღნიშნა ლადო ბოჟაძემ “ფორტუნასთან” საუბრისას.