LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფაიზერმა” უკვე დაიწყო სამკურნალო აბის წარმოება, ჩვენ კვირის განმავლობაში რაც უნდა აგვეცრა, 2 თვეშიც ვერ ავცერით: სერგო ჩიხლაძე

192
BeFunky-collage (10)

სიტყვებში ვეთანხმები, რომ „ოქროს შუალედი“ უნდა ავირჩიოთ, თუმცა ჯანდაცვამ და სახელმწიფომ ასეთი ნაბიჯებით ვერ იარა, – ასე ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, ჯანდაცვის ექსპერტი, სერგო ჩიხლაძე საპარლამენტო ტრიბუნიდან ჯანდაცვის მინისტრის განცხადებებს. ეკატერინე ტიკარაძეს დღეს “მინისტრის საათის” ფორმატში მოუსმინეს.

როგორც სერგო ჩიხლაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” აღნიშნა, დღეს პანდემიასთან ბრძოლის მთავარი იარაღი ვაქცინაცია უნდა იყოს და არა შეზღუდვები. მისი თქმით, რეგულაციების გამკაცრება მხოლოდ დამატებით ირაღად შეიძლება გამოვიყენოთ.

“ძირითადი იარაღი პანდემიასთან ბრძოლის არის ვაქცინაცია, დროული გამოვლენა ანუ ტესტირება და ჰოსპიტალის მომზადება. შეზღუდვები კი უნდა იყოს დამატებითი ბერკეტი. სამწუხაროდ, მთავრობა ძირითად იარაღად ზუსტად შეზღუდვებს იყენებს. თავად დაწერეს ვაქცინაციის გეგმაში, რომ გაწერილია მასიური კამპანია წლის ბოლომდე.

კვირაში უნდა ვცრიდეთ 70-დან 74 ათასს ადამიანს, მერე 90 ათასს ადამიანამდე ადის ანუ ერთი კვირის განმავლობაში რაც უნდა აგვეცრა, 2 თვეშიც ვერ ავცერით. მაისიდან დაწყებული უნდა შემოდიოდეს 425- 450 ათასი ვაქცინა, შემოდიოდეს და ვცრიდეთ. აი, ამ მზაობას ვერ ვხედავთ ვერც ციფრებში და ვერც გეგმას. აქედან გამომდინარე, ვერ შევაფასებ დადებითად ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობას.

მეტიც, ორი დღის წინ ბატონი ამირან გამყრელიძე გამოვიდა და ვნახეთ, რომ ტესტებშიც წყვეტა გვქონია, სწრაფ ტესტებზე იყო საუბარი, შესყვიდები დაგვაგვიანდაო და ა.შ. ასეთ ლაფსუსებზე როდესაც არის საუბარი, იქ ძნელია შეაფასო ყველაფერი დადებითად”- განაცხადა ჩიხლაძემ.

ჯანდაცვის ექსპერტმა იმ ნაბიჯებზეც ისაუბრა, რაც მისი თქმით, ახლა ხელისუფლებამ და ჯანდაცვის სისტემამ უნდა გადადგას. მათ შორის, ჩიხლაძე კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელი, ამერიკული კომპანია “ფაიზერის” განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმად, კომპანია წლის ბოლოს კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების წარმოებას გეგმავს.

“გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მილიონი დოზის გადანაწილება ხდება შეერთებული შტატებიდან სხვადასხვა ქვეყნებში, იქიდან ერთი პროცენტიც რომ წამოვიღოთ ისიც საქმეა. მითუმეტეს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია.

„ფაიზერმა“ დაიწყო უკვე სამკურნალო აბის წარმოება და ინტრავენური საშუალებების გამოყენება, რაც შეიძლება წლის ბოლოსთვის იყოს აქტუალური და უფრო ეფექტურიც იყოს, ვიდრე მთლიანად ვაქცინაცია. ამაზეც უნდა დაიწყოს ახლა ხელისუფლებამ მზადება და მუშაობა”.- განაცხადა ჩიხლაძემ “ფორტუნას” ეთერში.

magti 5g