LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდა მეწარმე ქალები, რომლებმაც ბიზნესი საკუთარი მოტივაციის ხარჯზე შექმნეს

751
ქალი მეწარმეები

საქართველოს მოსახლეობის 52% ქალია, მათ შორის, ნახევარზე მეტი ეკონომიკურად აქტიურია, თუმცა, მიუხედავად ამისა, ქალთა ჩართულობა ეკონომიკურ საქმიანობაში, საკმაოდ დაბალ ნიშნულზეა.

მეტწილად იმის გამო, რომ ქალებს ამ მიმართულებით ცოდნის ნაკლებობა, სამეწარმეო უნარ-ჩვევების დეფიციტი და ფინანსებზე შეზღუდული წვდომა აქვთ, რაც დღეის მდგომარეობით, კვლავაც ახალგაზრდა მეწარმეების მთავარ გამოწვევად რჩება.

ამ სტატიაში მოგიყვებით ამბავს ახალაგაზრდა ქალ მეწარმეებზე, რომელთაც ბიზნესის წამოწყებაში საკუთარი ენთუზიაზმი არ დაიშურეს. შედეგად კი, დღეს მათ, საკუთარი მცირე ბიზნესები აქვთ და საქმიანობას საკმაოდ წარმატებულადაც განაგრძობენ.

 

ახალგაზრდა ქალი მეწარმეები

 

 „15 წლის ვიყავი, რომ დავოჯახდი, არც განათლება მაქვს და არც რაიმე გამოცდილება, მაგრამ, მოვახერხე და საკუთარ თავზე მუშაობით, დღეს აქამდე მოვედი – მაქვს ჩემი ბიზნესი, რომელიც წარმოუდგენლად მეჩვენებოდა. თანაც იმის ფონზე, როცა მესმოდა, რომ აი, გოგო ხარ და ვერ უხელმძღვანელებ, მოგატყუებენ და ა.შ,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ საუბრისას 30 წლის ქეთი წილოსანი, რომელმაც გურიის რეგიონში, კერძოდ კი, ლანჩხუთში საკუთარი სოციალური კაფე – „ქეთოსთან“ გახსნა. დღეს „ქეთოსთან“ ერთადერთი არაფორმალური შეხვედრებისთვის განკუთვნილი, საკმაოდ პოპულარული სივრცეა.

 

 

ქეთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მისი სოციალური კაფე ერთადერთია მთელს ლანჩხუთში, რომელიც შშმ პირებსა და მათ საჭიროებებზე სრულადაა მორგებული. უფრო მეტიც, ახალგაზრდა მეწარმემ გადაწყვიტა, შშმ პირები საკუთარ კაფეში დაესაქმებინა – დღეს კი, ორი შშმ პირი „ქეთოსთან“ მუშაობს და საკუთარი საქმე გააჩნია.

 

„5 წელი თბილისში, ბარებსა და კაფეებში ვმუშაობდი, ჩემი გამოცდილება მხოლოდ ამით შემოიფარგლებოდა. აქ, ლანჩხუთში რომ დავბრუნდი, გადავწყვიტე რაიმე გამეკეთებინა. თანაც 2 შვილის დედა ვარ და მარტო ვცხოვრობთ, ამიტომაც ჩავთვალე, რომ რაღაც ჩემი უნდა შემექმნა,“ – ამბობს ქეთი წილოსანი.

მისი თქმით, თავდაპირველად, სოციალური სივრცის გახსნა ძალიან მცირე დაფინანსებითა და ბანკის სესხით მოახერხა. შეიძინა სამზარეულო და ყველაფერი, რაც ამ სივრცეს სჭირდებოდა. შემდეგ კი დაფინანსების წყაროების მოძიება დაიწყო და მისი მცდელობაც შედეგიანი აღმოჩნდა.

 

 

„მანამდე ინვენტარს, რომელიც მაგალითად პოეზიის საღამოების, ფილმების ჩვენებისთვის გვჭირდებოდა, ვთხოულობდით,“ – აღნიშნავს ქეთი.

ჩვენ დავინტერესდით და ახალგაზრდა მეწარმეს ვკითხეთ – საიდან გაჩნდა რეგიონში სოციალური სივრცის გახსნის იდეა და როგორ მოახერხა ბიზნესის განვითარება.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ვფიქრობ ის იყო, რომ ლანჩხუთში არ არსებობდა სივრცე, სადაც მეგობრებთან ერთად ფინჯანი ყავის დალევა იქნებოდა შესაძლებელი. თან ყოველთვის მინდოდა, რომ ეს ღია სივრცე ყოფილიყო.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მყავს მეგობრები, რომლებიც შშმ პირები არიან, ეტლით მოსარგებლეები, ამიტომ ვერსად მივდიოდით და მინდოდა, რომ ეს გარემო მათთვისაც შესაბამისი ყოფილიყო.

ამ ეტაპზე, სივრცეში თითქმის ყველაფერი შშმ პირებისთვის მორგებულია და უფრო მეტიც, ორი მათგანი ჩვენს სოციალურ კაფეში დასაქმებულიცაა. ერთი ეზოს უვლის, მეორე კი, ღონისძიებების ორგანიზებაში მეხმარება,“ – გვიპასუხა ქეთიმ.

რაც შეეხება პროდუქტს, რომელსაც კაფე „ქეთოსთან“ მომხმარებელს სთავაზობს, მნიშვნელოვანია, რომ გარდა ამ სივრცის არსებობისა, რომელიც რეგიონის ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არამედ ქეთი ცდილობს პოპულარიზაცია ადგილობრივ პროდუქციას გაუწიოს.

„ვცდილობ, რომ ხელი ადგილობრივი პროდუქტის პოპულარიზაციას შევუწყო, მაგალითად ჩაი გვაქვს, რომელსაც ლანჩხუთში აწარმოებენ. ასევე ჩირი, ყველი, სალათის ფოთლები, ბოსტნეული ლანჩხუთის სოფლებიდან მოგვაქვს,“ – გვითხრა ქეთიმ და ყურადღება იმ სირთულეებზე გაამახვილა, რაც პანდემიამ მის ბიზსნეს შეუქმნა.

 

„პანდემიამ ძალიან ცუდად იმოქმედა, 2020 წლის აგვისტოში, როცა ეს სივრცე გავხსენით, აქ ადგილიც არ მოიძებნებოდა, იმდენად ბევრი ხალხი იყო, შემდეგ დაკეტვა მოგვიწია, ახლა კი, ყველაფრის თავიდან ვიწყებთ. გვაქვს ასევე მიტანის სერვისი, რაც ლანჩხუთში აქამდე არ არსებობდა,“ – უთხრა „ფორტუნას“ ქეთი წილოსანმა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ახალგაზრდა მეწარმეს სურს, რომ სოციალურ სივრცეს, დამატებითი ფუნქცია შესძინოს და ლანჩხუთში სამკითხველო კლუბების ჩამოყალიბებას გეგმავს.

„მინდა, რომ ეს სივრცე არა მხოლოდ კაფე, არამედ საგანმანათლებლო – ახალგაზრდების თავშეყრისა და მათი სოციალიზაციის ადგილი იყოს. ასევე ვფიქრობთ, სახლის მეორე სართულზე სამკითხველო დარბაზისა და კლუბების ჩამოყალიბებას, რაც ჩემს უახლოეს გეგმებში შედის,“ – აღნიშნავს ქეთი.

ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე კი – რას ეტყოდა ქალებს, რომელთაც მის მსგავსად საკუთარი ბიზნესის წამოწყება სურთ, მაგრამ გამბედაობა არ ჰყოფნით, ქეთიმ ასე უპასუხა:

„თუ რაიმე მთელი გულით გინდა, ამას აუცილებლად მიაღწევ, თუმცა საამისოდ უდიდესი შრომა და ძალისხმევაა საჭირო. მთავარია მუდმივად თვითგანვითარებაზე იფიქრო,“ – გვითხრა 30 წლის ახალგაზრდა მეწარმემ, ქეთი წილოსანმა.

 

 

 საერთაშორისო ორგანიზაციის როლი დამწყები მეწარმეების მხარდასაჭერად

 

მცირე ბიზნესის დასახმარებლად ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც ქალებს ამ მიმართულებით ეხმარება USAID-ის პროექტი – USAID-YES GEORGIA. ჩვენი რესპონდენტები კი, სწორედ ამ პროექტის მონაწილეები არიან.

რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, USAID-ის პროგრამა ახალგაზრდა და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში 2015 წლიდან ხორციელდება, პროექტს ფონდი „კრისტალი“ ახორციელებს. გადამზადების პროგრამებით კი, ახალგაზრდებსა და ქალ მეწარმეებს ბიზნესის წამოწყებაში ეხმარება.

USAID YES-Georgia ქალი მეწარმეების მხარდაჭერას განაგრძობს

როგორც USAID-ის პროექტის – YES GEORGIA-ს ხელმძღვანელი, ნინო ლაგვილავა ამბობს, პროგრამის დაწყებიდან, დღემდე გადამზადება 1500-მა ახალგაზრდამ  გაიარა, მათ შორის, 800 ქალი იყო, აქედან კი, 78 -მა დაფინანსება მოიპოვა. ამ პროექტის მთავარი მიზანი კი, როგორც ნინო ლაგვილავამ გვითხრა, რა თქმა უნდა, თვითდასაქმების მხარდაჭერაა.

„ქალებში სტიმულირება და იმისთვის მომზადება, რომ მათ შინამეურნეობიდან, სადაც არანაირი ხელფასი არ აქვთ, მცირე მეწარმეობაზე გადავიდნენ. ცხადია, მიიღონ ცოდნა, განვითარდნენ, დასაქმდნენ და სხვებიც დაასაქმონ,“ – უთხრა „ფორტუნას“ ნინო ლაგვილავამ.

მისი თქმით, ბიზნესის განვითარების მიმართულებები ერთ კონკრეტულ სფეროს არ მოიცავს და შესაბამისად, ახალგაზრდა ქალი მეწარმეების იდეებისა თუ მიზნების მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით ხდება.

 

 

„სოფლის მეურნეობა, ხელსაქმე, კერვა და ბევრი სხვა რამ, შერეულია და ვერ ვიტყვით, რომ მათი ბიზნესი მხოლოდ ერთი მიმართულებით ვითარდება. მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში ახალგაზრდების დამაგრება ხდება და გარდა ამისა, ბიზნესში მხოლოდ კონკრეტული ბენეფიციარები კი არა, მათი მეგობრებიც არიან დასაქმებულნი.

ქალის ჩართულობას ეკონომიკაში, აბსოლუტური ეკონომიკური ბენეფიტი აქვს, თუ ყურადღებას მხოლოდ მათ უფლებებზე არ გავამახვილებთ. ანუ ძალიან მომგებიანია, თუნდაც ეკონომიკური მიმართულებით,“- დასძენს ნინო ლაგვილავა.

მისი თქმით, პროექტი 2024 წლამდე გაგრძელდება, მანამდე ფოკუსირდებოდა ახალგაზრდებზე, ახლა კი, მხოლოდ ქალბატონებს მოემსახურება, რაც ქალი მეწარმეების განხორციელებულ აქტივობებს უკავშირდება.

რაც შეეხება დამატებით ფინანსურ მხარდაჭერასა და სხვა სერვისებს, ამ პროექტის ფარგლებში მას ფონდი „კრისტალი“ და მისი შვილობილი კომპანია „კრისტალ კონსულტინგი“ ახორციელებს.

„წლების გამოცდილების საფუძველზე მივხვდით, რომ მეწარმეებს განვითარებისთვის უფრო მეტი სჭირდებათ, ვიდრე ფინანსური მხარდაჭერაა, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ შეიქმნას დამატებითი გადამზადების სერვისი, რომელიც სრულიად უფასო იქნება და ქალ მეწარმეებს მათი გრძელვადიანი ბიზნესის განვითარებაში დაეხმარება,“ – გვითხრა „კრისტალ კონსულტინგის“ დირექტორმა, გიორგი ჯანელიძემ.

 

ენების შემსწავლელი ცენტრი ქობულეთში

 

ქეთის მსგავსად, რომელზეც უკვე გიამბეთ, USAID-ის პროექტის – YES GEORGIA-ს კიდევ ერთი მონაწილე გულო აფხაზავაა, რომელმაც ქობულეთში ენების შემსწავლელი ცენტრი “KLC” გახსნა. ამბობს, რომ პროექტში მიღებული ცოდნა, საკუთარ ბიზნესს მოახმარა და საკმაოდ წარმატებულადაც.

დღეისთვის ქობულეთის ენების ცენტრს 120 მოსწავლე ჰყავს, რომელთაც 4 სხვადასხვა ენის შესწავლის შესაძლებლობა აქვთ.

 

 

 

„ამ ეტაპზე  6 ქალია დასაქმებული, რომლებიც ცენტში ასწავლიან, რა თქმა უნდა, ჩემი სურვილია, რომ ამ საქმეში უფრო მეტი ქალი იყოს ჩართული, რადგან რეგიონში და არა მხოლოდ, სამსახურის პოვნა ძალიან რთულია, თანაც პანდემიის პერიოდში.

ეს შენობა ბანკის სესხით ავაშენე, სექტემბრიდან ახალ ბიზნესსაც დავიწყებ – მინდა, ქობულეთში ლიტერატურული კაფე გავხსნა,“ – ამბობს გულო აფხაზავა.

 

„ჯეოხემსი“ – ქართული ჩირისა და ჩურჩხელის წარმოება

 

სოფო გოგინაშვილი ერთ-ერთი ახალგაზრდა მეწარმე ქალია, რომელმაც ხაშურში ქართული ჩირისა და ჩურჩხელის წარმოება დაიწყო. „ჯეოხემსი“ ასე ჰქვია მის მიერ წარმოებულ პროდუქტს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე რეალიზაციაშია. გარდა ამისა, სოფომ მოახერხა და ხაშურში კაფე “მელბროსიც” გახსნა, რომელიც მომხმარებლებში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მიკროსაწარმოს შექმნის იდეა სოფოს საკუთარმა მოტივაციამ და ქართული პროდუქტის პოპულარიზაციის მიზანმა გადააწყვეტინა. სოფოს ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და დღეს მას საკუთარი ბიზნესი აქვს. როგორც თავად ამბობს,  პროდუქტის დახვეწაზე, იქნება ეს მისი შეფუთვა თუ სხვა რამ, ყოველდღიურად მუშაობს და სურს, რომ ქვეყნის მასშტაბებს გარეთაც გაიტანოს.

 

„დასაწყისისთვის მინიმალური ხილის რაოდენობით დავიწყე და როცა მივხვდი, რომ ყველა საჭირო მახასიათებელს აკმაყოფილებდა, ამან დიდი სტიმული მომცა და გადავწყვიტე წარმოება გამეფართოებინა.

თავდაპირველად საოჯახო საშრობით დავიწყე, ახლა კი უკვე გაცილებით დიდი დანადგარი მაქვს, რადგან მინდა, რომ სამომავლოდ ევროპის ბაზარზე ჯანსაღი, ნატურალური და უშაქრო ქართული ჩირი გავიტანო,“ – ამბობს სოფო გოგინაშვილი.

„თეთრი სახლის ბურგერი“

 

პროექტის ხელშეწყობით ისარგებლა კიდევ ერთმა ახალგაზრდამ, ნათია ჩახუნაშვილმა, რომელმაც ქუთაისში ბურგერ ბარი გახსნა. „თეთრი სახლის ბურგერი“ მომხმარებელს დიდ არჩევანს სთავაზობს და უკვე წარმატებულ ბიზნესადაც იქცა.

როგორც ბურგერ ბარის დამფუძნებელი ნათია თავად ამბობს, პანდემიის მიუხედავად, მუშაობა ერთი დღითაც არ შეუჩერებია და მიტანის სერვისზე გადავიდა.

 

 

„ეს არის მესამე ობიექტი, რომელიც ქუთაისში მდებარეობის მიხედვით შევიცვალეთ, მთელი ამ დროის განმავლობაში მომხმარებელმა უკეთ გაგვიცნო და დღეს, უკვე, ქუთაისში პოპულარული ბურგერ ბარი გვაქვს.

ამ პროექტმა ძალიან დიდი გამოცდილება მოგვცა, გარდა ამისა, უდიდესი ფინანსური მხარდაჭერა, რადგან შევიძინეთ კონვექციური ღუმელი, რომელსაც ჩვენი ფინანსებით ვერ შევწვდებოდით,“ – ამბობს ნათია ჩახუნაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g