LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართლმადიდებლობის ქადაგება თუ რელიგიის ისტორიის სწავლება სკოლაში – მინისტრის ახალი ინიციატივა

განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრების, თამარ სანიკიძისა და ალექსანდრე ჯეჯელავას, შემდეგ, სკოლებში რელიგიის ისტორიის სწავლების დაწყების ინიციატივით ახლა უკვე მოქმედი მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, გამოდის. შესაბამისი განცხადება მან „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში გააკეთა. ჩხენკელის თქმით, რელიგიის ისტორიის სწავლება სკოლებში არჩევითი საგნის ფორმით აღდგება. როდის და რომელი კლასებისთვის იქნება საგანი პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომი, ამაზე მინისტრი ჯერჯერობით არ საუბრობს.

ასევე, უცნობია, რამ განაპირობა სკოლებში რელიგიის ისტორიის ცალკე საგნად შეტანა იმ ფონზე, როცა რელიგია მიმოხილულია საგან „მე და საზოგადოების“ ფორმატშიც. არც მინისტრი აკონკრეტებს, იყო თუ არა ეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის, ერთ-ერთი ქადაგებისას ნათქვამის გამოძახილი, სადაც პატრიარქი საუბრობდა სკოლებში რელიგიის ისტორიისა და სულიერებასთან დაკავშირებული საკითხების სწავლების აუცილებლობაზე.  

საკითხი ბუნდოვანია განათლების საკითხებში ექსპერტ სიმონ ჯანაშიასთვის. როგორც მან „ფორტუნას“ უთხრა, პრობლემა არა საგნის სწავლების აღდგენა, არამედ მასწავლებლები და მათი კვალიფიკაციაა.

„რელიგიის ისტორია ახლაც ისწავლება მაღალ კლასებში ისტორიის კურსში, დაბალ კლასებში კი „მე და საზოგადოების“ ფორმატში. როცა ეს კურსი ცალკე საგნად არსებობდა, მაშინ პედაგოგებს სათანადოდ ვერ ამზადებდნენ და მასწავლებლები სხვადასხვა რელიგიებზე საუბრისა და სწავლების ნაცვლად, გაკვეთილებზე ქადაგებდნენ. ამიტომაც, ახლაც გაუგებარია, რატომ გახდა ამის საჭიროება. არასწორად მომზადებული პედაგოგი შეიძლება, ზიანის მომტანი უფრო იყოს, ვიდრე რაიმე ახლის შემსწავლელი. ეს პრობლემა მძაფრია, როცა ეკლესია საქართველოში ცდილობს, რომ მეტი გავლენა ჰქონდეს სკოლებში. მიუხედავად იმისა, რომ კანონით ეს აკრძალულია, სკოლები ამას არღვევენ და სახელმწიფო კი თვალს ხუჭავს,“ – განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.

მისივე თქმით, საგნის დამატების შემთხვევაში, მოსწავლეებს არჩევანის საშუალება სწორად უნდა მიეცეთ და არა ისე, როგორც ეს დღეს ხდება. 

„ნახევარზე მეტ სკოლაში არის ერთი პარალელური კლასი, ამის გაყოფის შანსიც არაა ხოლმე. არჩევით კურსს რომ აკეთებ, ნიშნავს, რომ მთელი სკოლა ვალდებულია, იმ არჩევით საგანზე იაროს, რომლის გაყოფის რესურსიც აქვს სკოლას.  ხშირად ხდება, რომ სკოლას მეორე მასწავლებლის აყვანის ფინანსური რესურსი არა აქვს, ჰყავს ერთი არჩევითი საგნის პედაგოგი, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მოთხოვნა სხვა საგანზეც. ამიტომ არჩევანს ვაძლევთ არა მოსწავლეებს, არამედ სკოლას,“ –  განაცხადა ჯანაშიამ.

ამასთან, ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსმა, მარიამ ჩიქობავამ,  EDU.ARIS.GE-თან საუბრისას განაცხადა, რომ „მე და საზოგადოებას“ კვირაში 2 საათი დაეთმობა, ხოლო რელიგია უფრო კულტუროლოგიური კუთხით იქნება წარმოდგენილი.

 

 

ქეთი გიგოლაშვილი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g