LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი სახელმწიფოს შექმნის სტარტეგია – გახარიას პარტია მანიფესტს აქვეყნებს

126
BeFunky-collage (5)

“საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობის მთავარი წყარო არის საქართველოს მოქალაქე. შესაბამისად, ჩვენი მიზანია ქვეყანაში ისეთი ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული გარემოს შექმნა, რაც საშუალებას მისცემს თითოეულ მოქალაქეს, ჩაერთოს სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, მოახდინოს საკუთარი პოტენციალის რეალიზაცია მისი და მისი ოჯახის ღირსეული მომავლისთვის” – რა იქნება ძირითადი ამოცანა, მიზანი და სტრატეგია – ახლად დაფუძნებული პარტია “საქართველოსთვის” მანისფესტს აქვეყნებს.

გავრცელებულ დოკუმენტში წერია, რომ მიზნის მიღწევისთვის, პარტიის პოლიტიკა 3 ძირითად მიმართულებას მოიცავს:

➤ განვითარებას;

➤ დემოკრატიას;

➤ უსაფრთხოებას.

როგორც მანიფესტშია აღნიშნული, უნდა აშენდე ძლიერი სახელმწიფო დღეს, რომ ხვალ ეს სახელმწიფო ემსახუროს ქვეყანას და  მოქალაქეებს და მისცეს მათ სამართლიან, დემოკრატიულ და ეკონომიკურად განვითარებულ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა.

პარტიის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში საუბარია იმ მთავარ ფაქტორებზე, რომელიც აუცილებელია ძლიერი სახელმწიფოსთვის, მათ შორის არის:

◾  ძლიერი, დემოკრატიული ინსტიტუტები;

◾ ეკონომიკურ პოლიტიკა, რომელიც თავისუფალი ბაზრის პრინციპებს ეფუძნება;

◾ მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც თავისუფალია გავლენებისა და კორუფციისგან;

◾ საგარეო პოლიტიკა, რომელიც ყველა დონეზე საქართველოს მოქალაქეების და სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესების გატარებას ემსახურება;

◾ სოციალური პოლიტიკა, რომელიც მიმართულია იმათ დასახმარებლად, ვისაც სახელმწიფოს თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება;

◾ განათლების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული ადამიანის უნარების განვითარებას და ხელს უწყობს კონკურენტუნარიანი მომავალი თაობის ჩამოყალიბებას;

◾ ადამიანის უფლებების დაცვა, რაც თითოეული ადამიანის უფლების და თავისუფლების რეალიზებისთვის ქმედითი მექანიზმების დამკვიდრებას გულისხმობს;

◾ დეოკუპაცია, დებორდერიზაცია, გაერთიანებული საქართველო, რომლისკენაც მიდიან რაციონალური, სახელმწიფოს ინტერესებზე მორგებული პოლიტიკით და შედეგად ვიღებთ ქვეყანას, სადაც აღარ არსებობს საოკუპაციო ხაზი, სადაც აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად შენდება სახელმწიფო, სადაც ქვეყნის განვითარების პოტენციალი არ არის შეზღუდული 20%-ით;

◾ კეთილსინდისიერი და ეფექტიანი სახელმწიფო მმართველობა, რომელიც თავისუფალია არაფორმალური გავლენებისგან, კორუფციისგან და ნეპოტიზმისგან.

პარტიის მიერ გავრცელებულ მანიფესტის ტექსტში წერია, რომ ძლიერი სახელმწიფოს არსებობა სამომავლოდ ხალხის სოციალური მდგომარეობით ვაჭრობას და ამ გზით პოლიტიკურ სპეკულაციას გამორიცხავს, ამ პროცესში კი თითოეულ ადამიანს თავისი მნიშვნელოვანი როლი აქვს:

მეწარმეს, პოლიციელს, მასწავლებელს, სამხედრო მოსამსახურეს, ფერმერს, ექიმს, საჯარო მოხელეს, სპორტსმენს, ხელოვანს, ახალგაზრდას.

როგორც გავრცელებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, სახელმწიფოს მშენებლობა ნიშნავს მოსახლეობის იმ ჯგუფებზე ზრუნვას, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს:

➤ ბავშვის უფლებათა დაცვა და მხარდაჭერა, ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა თითოეული ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით;

➤ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დაცვის სამართლიანი სისტემა, სადაც სახელმწიფოს მხარდაჭერა მიმართულია იმ პირებზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ამავე დროს, სისტემა უნდა იყოს იმგვარად ფორმულირებული, რომ სწრაფად უზრუნველყოს ამ ადამიანების სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩაბმა;

➤ პენსიონერისთვის უზრუნველი სიბერე, ღირსეული პენსიითა და შესაბამისი ჯანდაცვის სისტემით, როგორც აუცილებელი მინიმუმი;

➤ დევნილების დაბრუნება საკუთარ სახლებში, ხოლო დაბრუნებამდე, მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა;

➤ ემიგრანტების დაბრუნებისთვის საქართველოში ცხოვრების შესაბამისი პირობების, მათ შორის, დასაქმების და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის პირობების შექმნა, საკუთარი ოჯახის კეთილდღეობისა და საქართველოს სახელმწიფოს განვითარებისთვის;

➤ ვეტერანების ღვაწლის ღირსეული დაფასება და მათზე ზრუნვა, რაც მათთვის სოციალური პირობების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობით მიიღწევა;

➤ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სისტემური გარანტიების გაძლიერება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი თანაბარი მონაწილეობისთვის პირობების შექმნა;

➤ უმცირესობებისთვის მხარდაჭერის სისტემის გაძლიერება, რაც ხელს უწყობს მათ თანაბარ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში, მისცემს მათ საკუთარი უფლებების თანაბრად რეალიზების შესაძლებლობას.

“სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, თითოეულ ჩვენგანს ჩვენი როლი და პასუხისმგებლობა გვაქვს და ჩვენს გასაკეთებელს სხვა ვერავინ გააკეთებს – ძლიერი ქართული სახელმწიფო ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ავაშენოთ. ვერთიანდებით საქართველოსთვის!” – წერია პარტია “საქართველოსთვის” დოკუმენტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g