LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაიდენის ადმინისტრაციამ ნატო-ს უნდა მოუწოდოს – საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმა უზრუნველყოს: სენატორი რობ პორტმანი

70
სენატორი, რობ პორტმანი.

„საქართველო ამერიკის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა რეგიონში, ამიტომ რუსეთის ქმედებები შეშფოთების მიზეზი უნდა გახდეს, – ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, რობ პორტმანი გამოცემა Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, სადაც ის ჯო ბაიდენსა და ვლადიმირ პუტინს შორის დაგეგმილ შეხვედრასა და აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის, საქართველოში რამდენიმე დღის წინ გამართულ ვიზიტზე საუბრობს.

„გასულ კვირას აღმოსავლეთ ევროპაში სენატორების მცირე, ორპარტიულ ჯგუფთან ერთად უკრაინის, ლიტვისა და საქართველოს ლიდერებთან შესახვედრად გავემგზავრე. ეს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები აშშ-ის საიმედო მოკავშირეები გახდნენ, რადგან მათ მოქალაქეებს დემოკრატიული მომავალი, მეტი თავისუფლებითა და კეთილდღეობით სურთ, მაგრამ მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ“. – წერს ამერიკელი სენატორი.

მისივე სიტყვებით, ამ მოგზაურობის დროს, ყველაზე შემაშფოთებლად ახალგაზრდა დემოკრატიების დესტაბილიზაციისკენ მიმართული რუსეთის განახლებული მცდელობა ენიშნა.

როგორც სენატორი აღნიშნავს, თითოეული მათგანი რუსეთის მხრიდან მზარდი ზეწოლის წინაშე დგას, მათ შორის საზღვრებზე სამხედრო საფრთხეები, კიბერშეტევები და პოლიტიკური დეზინფორმაციული კამპანიები.

„უკრაინასა და საქართველოში რუსეთი განაგრძობს უკანონოდ ანექსირებული ტერიტორიების ოკუპაციას და მილიტარიზაციას“.- წერს ამერიკელი სენატორი.

მისი თქმით, საქართველო რეგიონში აშშ-ს ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა და შტატებმა ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს უკრაინისა და საქართველოსთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ დადებული პირობის შესრულებას ხელი უნდა შეუწყოს.

„საქართველოში ყოფნის დროს, სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს ვესტუმრე – რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციისა და უკანონო ანექსიის ლეგიტიმაციის მიზნით „ბორდერიზაციის“ მცდელობების მოწმე უშუალოდ გავხდი. საქართველო ამერიკის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა რეგიონში, ამიტომ რუსეთის ქმედებები შეშფოთების მიზეზი უნდა გახდეს“. – აღნიშნავს რობ პორტმანი.

მისივე სიტყვებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და სხვა ლიდერებთან შეხვედრისას, მათ შორის, ოპოზიციური პარტიებიდან, სენატორებმა საარჩევნო, სასამართლო და ეკონომიკური რეფორმების განსახორციელებლად  თანამშრომლობის აუცილებლობა ხაზგასმით აღნიშნეს, რაც პორტმანის განცხადებით, უფრო უსაფრთხო მომავლისთვისაა საჭირო.

„როგორც უკრაინის შემთხვევაში, ბაიდენის ადმინისტრაციამ  ნატო-ს უნდა მოუწოდოს – უზრუნველყოს წევრობის სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის და ხელი შეუწყოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაჟღერებული პირობის შესრულებას. ორივე ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე დაყენება, მათ რუსეთის აგრესიისგან დაცვას ხელს შეუწყობს,“- წერს სენატორი, რობ პორტმანი.

magti 5g