“ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის და პირველი პრემიერობის დროს მოხდა ადამიანების დახსნა ცხინვალისა და სოხუმის ციხეებიდან,” – ამის შესახებ ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ ამ ადამიანებიდან ზოგს 20 წლამდე პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ცხინვალისა და სოხუმის ციხეებიდან 14 გრძელვადიანი პატიმარი დაიხსნეს და ამ ფაქტს უპრეცედენტოს უწოდებს:
“საზოგადოებას მინდა შევახსენო, ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის და პირველი პრემიერობის დროს მოხდა ადამიანების დახსნა ცხინვალისა და სოხუმის ციხეებიდან, ზოგ მათგანს 20 წლამდე უკანონო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და ოჯახები თითქმის უიმედოდ იყვნენ.
2013 წლიდან დაიწყო მუშაობა მათი გათავისუფლების საკითხებზე, სადაც ჩართული იყვნენ როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე ამოქმედებული იყო ყველა ოფიციალური თუ არაოფიციალური არხი. მოხდა უპრეცედენტო ფაქტი და ცხინვალის და სოხუმის ციხეებიდან, გამოყვანილ იქნა 14 გრძელვადიანი პატიმარი.” – წერს ქადაგიძე “ფეისბუქში”.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა. სომხეთმა კი აზერბაიჯანს გადასცა ერთ-ერთი ტერიტორიის ანტისანაღმო რუკები, რომელსაც ის კონფლიქტამდე აკონტროლებდა და შემდეგ, ბაქოს კონტროლქვეშ აღმოჩნდა.
როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციითა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით გაათავისუფლა.