14 ივნისს რადიო “ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას “წარმატების ფორმულა” სარეკლამო სააგენტოების ,,ლივინგსტონის”, ,,ჯეოლაბის” და ,,ნებულას” თანადამფუძნებელი, LEO ინსტიტუტის დირექტორი გიორგი ბურჭულაძე სტუმრობდა, რომელმაც წარმატებულ კარიერასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
– გიორგი, როგორ გაჩნდა სარეკლამო სააგენტოს “ლივინგსტონის” შექმნის იდეა?
– “ლივინგსტონის” შექმნის იდეა ESM-ის ბიზნეს სკოლაში სწავლისას დაიბადა, როცა მეგობრებთან ერთად ისეთი, რამის გაკეთება მოვინდომეთ, რაც მანამდე არავის გაუკეთებია. მართალია, კონკრეტულად არ გვქონდა განსაზღვრული რას გავაკეთებდით, მაგრამ ზუსტად ვიცოდით, რომ საკუთარ კრეატიულ ნიჭს გამოვიყენებდით და ტექნოლოგიების სფეროში ვიმუშავებდით. უამრავი წამოწყება გვქონდა, სხვადასხვა ფორმით მოვსინჯეთ საკუთარი შესაძლებლობა და მხოლოდ 2-წლიანი მცდელობის შემდეგ შევქმენით “ლივინგსტონი”. პირველი TBC-ბანკი დაინტერესდა ჩვენი საქმიანობით, თუმცა როცა პროექტის წარდგენა გვთხოვეს, მთელი კვირა ვიფიქრეთ და ვერაფერი მოვიფიქრეთ. მხოლოდ ჩვენმა ყოფილმა ლექტორმა, დღეს უკვე ჩვენმა სტრატეგიულმა დირექტორმა ნინო კუპრაშვილმა გვიხსნა, რომელმაც პრეზენტაციამდე ორი დღით ადრე შემოგვირბინა და უამრავი საინტერესო იდეა მოგვაწოდა. წარმატებული პრეზენტაციის შემდეგ TBC-მ თანამშრომლობა შემოგვთავაზა და სწორედ ეს იქცა გარდამტეხ მომენტად, რადგან იღბლიანმა სტარტმა სწრაფად განვითარების და პოპულარობის მოპოვების საშუალება მოგვცა.
– რას გრძნობდით, როცა პრესტიჟულ ფესტივალზე გაიმარჯვეთ და პრიზად “კანის ლომი” დაიმსახურეთ?
– რა თქმა უნდა, ყველას ძალიან გაგვიხარდა და ვამაყობდით საკუთარი გამარჯვებით. პირად მე ცოტა ამპარტავნებამაც შემომიტია. 2012 წელს ბანკ “კონსტანტას” და მისი მარკეტინგის დირექტორის გიორგი გოგუას დაკვეთით კამპანიისთვის დავიწყეთ მუშაობა, რომელსაც “მე პატარა ქართველი ვარ” ვუწოდეთ. მართალია, ნამუშევარი კანშიც წარვადგინეთ, მაგრამ ვერაფერი მოვიგეთ, სამაგიეროდ, ისე “მოვიწამლეთ”ფესტივალით, რომ “ლომის” ნებისმიერ ფასად მოპოვება გადავწყვიტეთ და რამდენიმე წლის შემდეგ სასურველ შედეგსაც მივაღწიეთ.
– რა გახდა კომპანიის განვითარების და წინსვლის მთავარი მოტივაცია?
– ჩვენთვის “კანის ლომი” გახდა მსოფლიო დონის კრეატიული კამპანიის შექმნის სიმბოლო, ამიტომ ენერგია არ დავიშურეთ და მაქსიმუმი გავაკეთეთ სასურველი შედეგის მისაღწევად. ერთი სიტყვით, მთავარი – მიზანია და მისკენ სწრაფვა.
– რას წარმოადგენს LEO ინსტიტუტი და ერთწლიანი ტრანსფორმაციული პროგრამა ლიდერებისა და მენეჯმენტის ჯგუფებისთვის?
– ზოგადად, LEO ინსტიტუტი – უნიკალურ მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული სელფ-მასტერის სკოლაა, რომელიც მსურველებს იმ შეზღუდვების მოძიებას სთავაზობს საკუთარ თავში, რაც სრულფასოვნად ცხოვრებაში უშლის ხელს. აღსანიშნავია, რომ წლების მანძილზე მიღებული გადაწყვეტილებებით, ადამიანები თვითონვე უწესებენ საკუთარ თავს საზღვრებს და შეზღუდვებს, თუმცა ნაკლებად აცნობიერებენ. სწორედ ამ საზღვრების დაძლევის საშუალებას იძლევა ჩვენი მეთოდოლოგია. რაც შეეხება ორგანიზაციებს – ჩვენი თეორიით ყველა ორგანიზაციას აქვს უნიკალური განძი, რომლის აღმოჩენა მხოლოდ ლიდერებს შეუძლიათ. ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, საქართველოში ადამიანების 70%-ს ძალიან არ უყვარს თავისი სამსახური, სწორედ ეს კონტინგენტია ნებისმიერი ორგანიზაციის დამალული საგანძური, რადგან თუ მათ აზრს შევაცვლევინებთ, მოტივაციაც გაჩნდება და შრომისუნარიანობაც მოიმატებს.
– თვითონ როდის იგრძენით მსგავსი ტრანსფორმაცია?
– საკმაოდ რთული პერიოდი მქონდა რამდენიმე წლის წინ, როცა ყველა ჩანაფიქრი განვახორციელე და ისეთი რთული მიზანი დავისახე, რომ თვითონ შევშინდი და გარკვეული პერიოდით გავერიდე კიდეც. საერთოდ არ ვმუშაობდი ორი წელი, მთელ დროს გართობაში ვატარებდი და მაქსიმალურად გავურბოდი სირთულეებს, რომელთა ახსნას ვერ ვახერხებდი. საკუთარი თავი სერიოზული არჩევანის წინაშე დავაყენე – ან სტენფორდის უნივერსიტეტში უნდა ჩამებარებინა, ან დავრჩენილიყავი და მთელი დრო საქმისთვის დამეთმო. სწორედ მაშინ გავიარე LEO ინსტიტუტის კურსი და მივხვდი, რომ უამრავი სხვა არჩევანი მქონდა, თუმცა მხოლოდ საკუთარი თავის შეცნობისა და შეცდომების გაანალიზების შემდეგ. ახლა ძალიან მომწონს საკუთარი ცხოვრება, განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს წარმატების მიმართაც. მანამდე ჩემი ერთადერთი მიზანი აღიარების მოპოვება იყო, რადგან სწორედ აღიარებაში ვხედავდი წარმატებას, სინამდვილეში კი, წარმატებაა სულ სხვა რამაა, თუმცა სწორედ მის დევნაში გვავიწყდება ყველაზე ფასეული ჩვენს ცხოვრებაში.
– რომელ უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობთ?
– პირველ რიგში SIMENS-ს და Netflix-ს გამოვყოფდი. გარდა ამისა, ერთ-ერთი პირველი ქართული კომპანია ვართ Google-ის პარტნიორების პროგრამაში.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
– სამომავლოდ “ლივინგსტონის” გლობალურ სააგენტოდ გადაქცევა გვინდა, რაც აბსოლუტურად რეალურია.
– რას აფასებთ პარტნიორებში ყველაზე მეტად?
– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ძალიან მიყვარს ჩემი პარტნიორები, რადგან საქმის გარდა მეგობრობაც გვაკავშირებს. ვფიქრობ, პარტნიორულ ურთიერთობაში მთავარი – საერთო ინტერესები და მიზნები, ნდობა და გულწრფელი მხარდაჭერაა.
– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?
– გადაწყვეტილებას გააჩნია. ძალიან მიჭირს სწრაფად მიღება, ამიტომ საკუთარ თავზე ვმუშაობ.
ბლიცკითხვები:
– რაზე ოცნებობდით ბავშვობაში?
– ძალიან მინდოდა რეპერობა.
– LEO ინსტიტუტის სლოგანი?
– “შევქმნათ ცხოვრება, რომელიც გულით გვინდა, მიუხედავად იმისა, რომ გვაბრკოლებს შიშები!”
– როგორ ამხნევებთ საკუთარ თავს?
– ბოლო დროს ძალიან მომწონს ფრაზა “ყველა ადამიანშია მზე, უბრალოდ ნება მიეცით, რომ ანათოს!”
– ვის თვლით საუკეთესო მრჩევლად?
– ჩემს შვილს – ფილიპეს და ჩემს მენტორს – სამის.
– განტვირთვის საუკეთესო ადგილი?
– აბაზანა.
– რას აფასებთ ადამიანში ყველაზე მეტად?
– გახსნილობას და ემოციურ გამჭვირვალობას.
– რას თვლით საკუთარ სიძლიერედ?
– თვითრწმენას. ყოველთვის ზუსტად ვიცი, რომ მიზანი თუ დავისახე აუცილებლად მივაღწევ.
– რომელ კერძს ამზადებთ სიამოვნებით?
– ბოლო დროს მხოლოდ ერბოკვერცხს.
– გაქვთ თუ არა ჰობი?
– ძალიან მიყვარს მუსიკის შექმნა.
– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?
– წარმატება არა თვითმიზანი, არამედ გაკეთებულის შედეგი უნდა იყოს. პირადად მე მჯერა, რომ რაღაცის კეთება შემიძლია ყველაზე კარგად, წარმატებას კი, მხოლოდ იმ შემთხვევაში მივაღწევ, როცა ამ რაღაცის კეთების გზას მოვნახავ.