LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციით, ცხოვრების პირობები გაუმჯობესდება

80
1397819185244716-e1467900464310

ევროკავშირის ბანკი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ორი მონაკვეთის მშენებლობას დააფინანსებს, რომლითაც ავტომაგისტრალი აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებამდე გაგრძელდება.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ინვესტიცია გაზრდის საგზაო უსაფრთხოებას იმ საავტომობილო გზის 388 კმ სიგრძის მონაკვეთზე, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან საგზაო არტერიას საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში. მათივე ცნობით, ევროკავშირის ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ძირითადი დარგებისა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო ზომების მხარდასაჭერად უკვე დაახლოებით 2 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა

ევროპის საინვესტიციო ბანკმა, ევროკავშირის ბანკმა საქართველოს მთავრობას, ქვეყნის მთავარი საგზაო არტერიის – აღმოსავლეთ-დასავლეთის (E60) ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზებისათვის, დამატებით 106.7 მილიონი ევრო გამოუყო. ევროკავშირის ბანკიდან მიღებული სესხით დაფინანსდება ორი მონაკვეთის განახლების სამუშაოები: პირველი, ალგეთსა და სადახლოს შორის მდებარე 30 კილომეტრიანი მონაკვეთი, და მეორე, რუსთავსა და წითელ ხიდს შორის არსებული 32 კმ სიგრძის მონაკვეთი. ამ ორი განახლებული მონაკვეთით ავტომაგისტრალი შესაბამისად სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებამდე გაგრძელდება. მოდერნიზაციის შედეგად ავტომაგისტრალზე გაიზრდება საგზაო მოძრაობას უსაფრთხოება, შემცირდება მგზავრობისა და სატრანსპორტო საშუალების საექსპლუატაციო და ტექნიკური მომსახურების ხარჯები და გაძლიერდება საქართველოს ეკონომიკური და ტერიტორიული ერთობა. აღნიშული სამუშაოების განხორციელების შედეგად ასევე გაუმჯობესდება და გაადვილდება კავშირები სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკამ, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობაზე, აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზებისათვის ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციით გაუმჯობესდება ცხოვრებისა და ბიზნესის კეთების პირობები, აგრეთვე გაიზრდება ქვეყნის მდგრადობა ისეთი სერიოზული რისკების მიმართ, როგორიცაა კოვიდ-19-ის პანდემია.

„ქვეყნისა და რეგიონისთვის ახალი სავაჭრო შესაძლებლობების შექმნით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი საქართველოს სარგებელს ათწლეულების განმავლობაში მოუტანს. ეს ინვესტიცია ასევე ხელს შეუწყობს ევროპის გუნდის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კოვიდ-19-ის პანდემიით შექმნილი კრიზისიდან საქართველოს დასახმარებლად. აღნიშნული ინვესტიცია ემატება იმ 170 მილიონ ევროს, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკმა მხოლოდ 2020 წელს საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დასახმარებლად და ჯანდაცვის სისტემის გასაძლიერებლად გამოყო“, – აღნიშნავს ტერეზა ჩერვინსკა.

როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, ევროპის საინვესტიციო ბანკი აქტიურად არის ჩართული საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის, მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის/E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზებაში.

“აღნიშნული ავტომაგისტრალი საქართველოს აღმოსავლეთ საზღვარს დასავლეთ საზღვართან აკავშირებს, რაც საქართველოს აზიასა და ევროპას შორის საუკეთესო სატრანსპორტო დერეფნად და ლოგისტიკურ ცენტრად აქცევს და აგრეთვე გვაკავშირებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირთან. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ევროპის საინვესტიციო ბანკის გუნდს ჩვენი რეგიონული და ინფრასტრუქტურული განვითარების დღის წესრიგის მუდმივი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის”,- აღნიშნავს ქარსელაძე.

როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, განმარტა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საგზაო არტერიაა და ევროკავშირის შეუძლია იამაყოს იმით, რომ საკუთარი წვლილი შეაქვს მის განვითარებაში.

„აღნიშნული დახმარების შედეგად საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდებათ დამატებითი ეკონომიკური შესაძლებლობები და ასევე გაძლიერდება, საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ცენტრის, პოზიცია”,-აცხადებს ელჩი. როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში აღნიშნავენ, უსაფრთხო, სწრაფი და თანამედროვე კავშირი საქართველოსა და რეგიონისთვის დასრულების შემდეგ, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი გახდება არსებული სატრანსპორტო კავშირების უფრო სწრაფი და უსაფრთხო ალტერნატივა და საქართველოს ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელში (TEN-T) ჩართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g