საპატრიარქოს, ისევე როგორც სხვა ჯგუფებს, აქვს სრული უფლება, რომ გამოხატოს საკუთარი პროტესტი მშვიდობიანი გზით, – ამის შესახებ მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერმა, გიგა მაქარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, 5 ივლისს პრაიდი აუცილებლად ჩატარდება.
ამ განცხადების დამწერ ინსტიტუციას ქრისტიანობასთან არაფერი საერთო არ აქვს – თაბაგარი საპატრიარქოზე
„საპატრიარქომ თუ 5 ივლისს გადაწყვიტა და ზუსტად იმ ადგილას სურთ აქციის ჩატარება, კი ბატონო, არამგონია საპატრიარქო ვინმეს საცემად მოდიოდეს ან ვინმესთვის ზიზღის გადმოსანთხევად. თუ მოდიან სიყვარულით და გაშლილი ხელით, იქაც ზუსტად ასეთივე ადამიანები დახვდებიან, სიყვარულით სავსეები, ხელგაშლილები, ფერადები და თავისუფლები. 5 ივლისს ეს პრაიდი აუცილებლად ჩატარდება. გეგმების არ შევცვლით, რადგან არაფრის დაშავებას არ ვაპირებთ, არც საპატრიარქოსთვის არც ქალაქისთვის. ვითხოვთ იმ ადამიანების უფლებების დაცვას, ვინც სისტემისგან არის დაჩაგრული. ამაში თუ ხელს შეგვიშლის საპატრიარქო, მაშინ საზოგადოებას ხელისუფლებისთვის ექნება სათქმელად, სიყვარულს რომ უნდა ქადაგებდეს ის ეკლესია, როგორ იქცევა. დიდი იმედი მაქვს, საპატრიარქოს ეყოფა გონიერება და თავის მრევლს არ დაგეშავენ, რომ ადამიანები სცემონ“, – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.
საპატრიარქო, 5 ივლისს, რა დღესაც “ღირსების მარშია” დაგეგმილი, თანამოაზრეებს რუსთაველზე, ქაშვეთის ეკლესიასთან შეკრებისკენ მოუწოდებს.
“მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია”, — ნათქვამია განცხადებაში.
ისინი თბილისი პრაიდის ორგანიზატორებსა და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს მიმართავენ და აცხადებენ, რომ მარშის ჩატარებისგან თავი უნდა შეეკავებინათ.