მანანა თოდაძე ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება და პასუხობს კითხვას, როგორ შეხვდა რუსთაველის თეატრის მოსკოვში გამგზავრებას. თავად მანანა თოდაძე რუსეთის დედაქალაქში ხშირად დადის და იქ რამდენიმე თვეს ატარებს ხოლმე.
მანანა თოდაძე:
„მინდა, ვიკითხო: რატომ არ უნდა გამგზავრებულიყვნენ? რუსთაველის თეატრს უდიდესი ავტორიტეტი აქვს მთელ მსოფლიოში, მათ შორის რუსეთში. ყველგან უნდათ დიდი რეჟისორის დადგმული სპექტაკლების ხილვა. ჩვენი მსახიობები უმაღლესი დონის პროფესიონალები არიან და ბუნებრივია, აქვთ სურვილი, თავიანთი ხელოვნება საზღვარგარეთ გაიტანონ. ისინი არ წასულან კრემლში და თავიანთი სპექტაკლი პუტინისთვის არ უჩვენებიათ.
ყველას ვთხოვ, ნუ გარევენ ხელოვან ხალხს პოლიტიკაში და ნურც პოლიტიკოსები გამოიყენებთ მათ იარაღად. არ დაგავიწყდეთ, რომ მოსკოვში და ზოგადად, რუსეთში ლამის ნახევარი მილიონი ჩვენი თანამემამულეა. ისინი იქ შრომობენ და აღებულ ფულს საქართველოში, ოჯახებში აგზავნიან. ჩვენი ბიუჯეტი, ძირითადად, ემიგრანტების გზავნილებზე დგას.
იმ ადამიანებს ენატრებათ ქართული სპექტაკლის, ქართული ცეკვის ნახვა, ქართული სიმღერის მოსმენა. ასე რომც არ იყოს, ერებს შორის კულტურული ურთიერთობები აუცილებელია. ზოგჯერ ხელოვანებს და სახალხო ურთიერთობას უფრო დიდი სიკეთის მოტანა შეუძლიათ, ვიდრე სახელმწიფოს მიერ გადადგმულ პოლიტიკურ ნაბიჯებს“.