საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ერთჯერადად აცრილია 172 ათასი ადამიანი, ხოლო სრულად აცრილია – 111 500. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეის მდგომარეობით, ჩატარებულია 283 631 აცრა.
„ბოლო დღეებში ვცილდებით აცრების 5-ათასიან ზღვარს, დღეს 6 ათასამდე აცრა არის დაგეგმილი და ეს თანდათან უნდა გაიზარდოს. ეს არ არის ცოტა, მაგრამ არც ისე ბევრია, რაც გვინდა, რომ ყოველდღიური მაჩვენებელი იყოს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი აღმოფხვრილია და მიწოდება აჭარბებს მოთხოვნას.
ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში ვაქცინაცია ამჟამად სამი ვაქცინით („ასტრაზენეკა“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“) მიმდინარეობს და მალე მეოთხე ვაქცინაც შემოვა.
მისივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ქვეყანაში შემოვა „ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზები და მეორე დოზით აიცრება ყველა ადამიანი, ვისაც ამ ვაქცინის მეორე დოზით აცრა უწევს.
„ივლისის მეორე ნახევრიდან იქნება საშუალება, რომ მოქალაქეებმა აირჩიონ რომელი ვაქცინით სურთ აცრა“, – განაცხადა გამყრელიძემ.