ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა სია კენჭისყრაზე ხელახლა დღეს გავიდა, თუმცა კანდიდატებმა პარლამენტში საჭირო მხარდაჭერა ისევ ვერ მიიღეს.
საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას ხმების 2/3 ანუ 100 ხმა სჭირდება.
22 ივლისის სესიაზე კენჭისყრის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატ გიორგი კალანდარიშვილს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი,
11-მა კი ხმა წინააღმდეგ მისცა.
მეორე კანდიდატ გიორგი სანტურიანს მხარი დაუჭირა ოთხმა დეპუტატმა,
11 კი წინააღმდეგი იყო.
ცესკოს წევრობის კანდიდატებისთვის მიცემული ხმები ასე გადანაწილდა:
- გია ცაცაშვილი – 83 მომხრე, 10 წინააღმდეგი;
- ლელა ტალიური – 18 მომხრე, 2 წინააღმდეგი;
- თამარ სართანია – 18 მომხრე, 2 წინააღმდეგი;
- მაია ზარიძე – 77 მომხრე, 10 წინააღმდეგი.
ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა სია კენჭისყრაზე ხელახლა გავა. პარლამენტს უფლება აქვს, ოთხჯერ უყაროს კენჭი კანდიდატებს. იმისთვის, რომ ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით იქნას არჩეული, პირველ ჯერზე საჭიროა 100 ხმა.
არასაკმარისი ხმების შემთხვევაში, ხელახლა ინიშნება კენჭისყრა, სადაც ისევ 100 ხმის მობილიზებაა აუცილებელი. თუ ისევ არ მოგროვდება საჭირო ხმები, შემდეგ კენჭისყრაზე უკვე 90 ხმით იქნება შესაძლებელი კანდიდატის არჩევა.
თუ სამივე შემთხვევაში ვერ მოხერხდა საჭირო ხმების მობილიზება, საბოლოოდ კანდიდატის დანიშვნა ხმათა უმრავლესობით მოხდება, თუმცა არა 5 წლის, არამედ 6 თვის ვადით.
ცნობისთვის, პირველი კენჭისყრა 18 ივლისს გაიმართა, თუმცა საჭირო რაოდენობის ხმები ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, შესაბამისად, პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრები ვერ აირჩია.