CV/რეზიუმეს შექმნა საკმაოდ შრომატევადი საქმეა, რადგან ის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია სამსახურის მაძიებელთათვის და თანაც, უამრავი დეტალის გათვალისწინებას საჭიროებს. თუმცა, ამ საქმისთვის დროის დათმობა ნამდვილად გონივრული ინვესტიციაა.
სრულყოფილი რეზიუმეს შესადგენად რამდენიმე საფეხურის გავლაა საჭირო.
პირველ რიგში, საჭიროა შევარჩიოთ რეზიუმეს ფორმატი, რომელიც შესაბამისი იქნება იმ პოზიციისთვის, სადაც CV-ის გაგზავნას და ჩვენი კანდიდატურის წარდგენას ვგეგმავთ.
თუ თქვენი პროფესია და საქმიანობა მოიცავს ისეთ სფეროებს, სადაც ნამუშევრების წარდგენა შეგიძლიათ, აუცილებლად შექმენით პირადი პორტფოლიო და დაურთეთ იგი თქვენს რეზიუმეს. მაგალითად, თუ ქმნით დიზაინს, წერთ ან აწარმოებთ კონტენტს სხვადასხვა მიმართულებით, პირველი რაც უნდა გააკეთოთ – შექმნათ პორტფოლიო.
ეს ნაბიჯი დაგეხმარებათ ერთი მხრივ თქვენ, საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენაში, მეორე მხრივ კი დამსაქმებელი ან HR მენეჯერი უკეთ შეძლებს თქვენი შესაძლებლობების და უნარების შეფასებას.
შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც ასევე რეზიუმეს ფორმატთან არის დაკავშირებული, მასში თავმოყრილი ინფორმაციის სწორი ორგანიზებაა. გამოყავით გრაფები, სვეტები, გამოიყენეთ მარტივად აღქმადი ტექსტის ფონტი და ზომა, გაამუქეთ ხაზგასასმელი სიტყვები და ასე შემდეგ.
თუ გრაფიკული პროგრამების ცოდნით მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნით, ეცადეთ მათი გამოყენებით CV შექმნას და შეცდომების დაშვებას თავი აარიდოთ.
უკეთესი შედეგებისთვის, გამოიყენეთ ონლაინ პლატფორმები, სადაც CV შაბლონების უამრავ ფასიან თუ უფასო ვარიანტს შეხვდებით, სხვადასხვა დიზაინითა და ფორმატით. ეს პლატფორმები საშუალებას მოგცემთ უზრუნველყოთ რეზიუმეს როგორც ტექსტური, ისე ვიზუალური მხარე.
მსგავს პლატფორმებზე მოცემული CV შაბლონები განკუთვნილია სხვადასხვა პროფესიის და გამოცდილების მქონე ადამიანებისთვის. მრავალფეროვანი არჩევანი საშუალებას მოგცემთ შეარჩიოთ თქვენს მოთხოვნებსა და გემოვნებაზე მორგებული ფორმატი.
რეზიუმეს შემქმნელი პლატფორმები დაგეხმარებათ გახადოთ თქვენი CV ვიზუალურად ეფექტური და თავი აარიდოთ თვალსაჩინო გრაფიკულ შეცდომებს.
შემდეგი ნაბიჯი, რომელიც ეფექტური რეზიუმეს შედგენაში დაგეხმარებათ, არის ინფორმაციის დახარისხება – ანუ, რეზიუმეში მხოლოდ იმ ინფორმაციის განთავსება, რომელიც აუცილებელია. ამისათვის, კარგად უნდა გავიაზროთ რეზიუმე/CV-ის სტრუქტურა.
რეზიუმე აუცილებლად უნდა მოიცავდეს:
● პირად საკონტაქტო მონაცემებს
● ინფორმაციას განათლების შესახებ
● ინფორმაციას პროფესიული გამოცდილების შესახებ
● გავლილ ტრენინგებს, სერთიფიკატებს
ყურადღება მიაქციეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ნაცვლად იმისა, რომ ჩამოთვალოთ თქვენი სამსახურეობრივი მოვალეობები გამოცდილების განყოფილებაში, შეარჩიეთ თქვენი სამი ან ოთხი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა თქვენს მიერ შესრულებულ თითოეულ როლში.
პირადი ინფორმაციის ფარგლებში, სრულიად საკმარისია სახელისა და გვარის, საჭიროების შემთხვევაში კი საცხოვრებელი ქალაქის მითითება.
განათლების სექციაში, მოკლედ და კონკრეტულად ჩამოაყალიბეთ ინფორმაცია უნივერსიტეტის, ფაკულტეტის და სწავლის პერიოდის შესახებ. ინფორმაცია სკოლის შესახებ რეზიუმეში ძირითადად, რეკომენდებული არ არის გამონაკლისი შემთხვევების გარდა – თუ მაგალითად სწავლობდით უცხოენოვან სკოლაში ან საზღვარგარეთ.
ამ გრაფაში აუცილებელია სწორად წარმოაჩინოთ თქვენი აკადემიური მიღწევები, რის განსამტკიცებლადაც ზედმეტი ინფორმაციით რეზიუმეს დატვირთვა ნამდვილად არ გჭირდებათ. ამასთან ერთად, რეზიუმეში მოიხსენიეთ მხოლოდ ის ენები, რომლებიც კარგად იცით, მიუთითეთ ცოდნის დონე და ამის დამადასტურებელი სერტიფიკატი, არსებობის შემთხვევაში.
ფინალური ნაბიჯი, რომელიც აუცილებელია, არის საბოლოო თვალის გადავლება და შესაძლო ხარვეზების აღმოფხვრა. ყურადღება მიაქციეთ გრამატიკულ შეცდომებს. არ აქვს მნიშვნელობა, თქვენს პროფესიასთან რამდენად კავშირშია ქართული ენის გრამატიკის ცოდნა. სტილისტური შეცდომები, ბარბარიზმებისა და ჟარგონების გამოყენება ძალიან უსიამოვნო ტონია რეზიუმეს ფორმატში.
ნუ გაგზავნით ტექსტურ დოკუმენტში შექმნილ რეზიუმეს. იგი აუცილებელია იყოს PDF, ან JPG ფორმატში. ასევე CV/რეზიუმე, თუ ინგლისურ ენაზე არ არის, აუცილებლად ქართული შრიფტით უნდა იყოს შედგენილი. ასევე, ყურადღება მიაქციეთ თითიეულ სიტყვას, რომ სადმე არ ფიქსირდებოდეს გამორჩენილი ასო, სასვენი ნიშანი ან მექანიკური შეცდომა.
როგორც ხედავთ, რეზიუმე/CV შედგენა და მასთან დაკავშირებული პროცესი უამრავი დეტალის გათვალისწინებას მოითხოვს. მაგრამ, ეს ყველაფერი ნუ შეგაშინებთ და ახლავე დაიწყეთ საკუთარ რეზიუმეს შედგენაზე მუშაობა. გვჯერა, ჩვენი რეკომენდაციები გამოგადგებათ და ეფექტურად შეძლებთ თავის წარდგენას დამსაქმებლის წინაშე.