“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ დღეს ოპოზიცია სავალალო მდგომარეობაში იმყოფება.
მისი თქმით, მმართველი გუნდის ოპონენტები ადგილობრივი არჩევნებისთვის აბსოლუტურად მოუმზადებლები არიან.
“მათ არ გააჩნიათ შინაარსობრივი გეგმა და ამომრჩეველს ვერაფერს ახალს ვერ სთავაზობენ. არ ჰყავთ კანდიდატებიც კი, ვერ ითანხმებენ ადამიანებს, რომ იყვნენ მათი მერობის თუ საკრებულოს წევრობის კანდიდატები”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას და მისი პარტიის საარჩევნო შანსებს, პაპუაშვილის ამბობს, რომ გახარიას აქტივობის შინაარსი ნულია.
“გახარიას “ქართულ ოცნებასთან” სასაყვედურო არაფერი აქვს, “ქართულ ოცნებას” კი მის მიმართ ბევრი საყვედური აქვს. არ მგონია, მისი ზედაპირული განცხადებები მოსახლეობისათვის საინტერესო იყოს. გიორგი გახარიას გააქტიურების მთავარი მიზანი “ქართული ოცნების” დაზიანება და ამომრჩევლების წართმევა იყო. მას შემდეგ, რაც შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია და ე.წ. 43%-იანი ბარიერი აღარ არსებობს, გახარიას პარტიამ ეს შინაარსიც დაკარგა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.