LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟენევის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი იწყება – ქართული მოლოდინი რუსული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ

27-28 მარტს, ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, შესაძლოა, ძალის გამოუყენებლობის თაობაზე  რაღაც სახის დეკლარაცია მიიღონ. თუმცა, ეს შეხვედრა ისე იწყება, რომ რა შინაარსის და ფორმის დოკუმენტზეა ლაპარაკი, ხელისუფლება არ საუბრობს. თუმცა, ის ფაქტი, რომ გარკვეული კონკრეტიზაცია რუსეთის მხრიდან გაკეთდა,  საკმაოდ ბევრ და არცთუ სასიამოვნო კითხვას აჩენს.  

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდთან დაკავშირებით განცხადება რუსეთში 20 მარტს გაკეთდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი, იმედოვნებს, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება მიიღწევა. მან ისიც აღნიშნა, რომ პროგრესი ამ კუთხით წინა შეხვედრის დროს იყო მიღწეული.  

თუმცა, საქართველოში საზოგადოებისთვის არც წინა შეხვედრის დროს ამ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესის შესახებ იყო ცნობილი და აღნიშნული გეგმების შესახებ ოფიციალური განცხადებაც, მხოლოდ კარასინის ინტერვიუს გამოქვეყნებიდან 4 დღის შემდეგ გაკეთდა.

 

რას ველოდებით ჟენევის მოლაპარაკების მორიგი რაუნდიდან

ის, რომ ჟენევის მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე  ძალის გამოუყენებლობის თაობაზე დოკუმენტის მიღება იგეგმება, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ, საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან დაადასტურა. როგორც მან აღნიშნა, რუსეთმა მკაფიოდ უნდა დაადასტუროს თავისი ვალდებულება, რომ არ გამოიყენებს ძალას საქართველოს წინააღმდეგ, შეასრულებს იმ შეთანხმებას, რომელსაც მისმა ყოფილმა პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 2008 წელს მოაწერა ხელი ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე და რომელიც არ

სრულდება. 

“ყველაფერ ამისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიქმნება უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები, რაც გათვალისწინებულია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეექვსე პარაგრაფით,“ – ამბობს დავით დონდუა.

 

 

აფხაზეთის და ცხინვალის სტატუსის საკითხი და რუსეთის პასუხისმგებლობა

„ევროპულ საქართველოში“ მიაჩნიათ, რომ მსგავსი დოკუმენტი არ უნდა გაფორმდეს, რადგან საქართველომ ეს ვალდებულება თავდაპირველად 2010 წელს აიღო, შემდეგ კი 2013  წელს პარლამენტმა გაიმეორა. სერგი კაპანაძე ამბობს, რომ მას იურიდიული ძალა აქვს და, თუ ვინმეს დარჩა ვალდებულება ასაღები, ეს რუსეთია.

„ჩვენ სოხუმთან და ცხინვალთან რა ვალდებულებებს უნდა მოვაწეროთ ხელი?  სტატუსს საერთოდ რომ თავი დავანებოთ, აფხაზეთის და  ცხინვალის, რუსეთის გარეშე, თავდასხმის შიში გვაქვს თუ რა? ოკუპირებული ტერიტორიებია და ვინც არის ოკუპანტი, ის არის ჩვენთვის მთავარი. ამიტომ  რუსეთის მხრიდან უნდა იყოს ხელმოწერილი, ან ჩვენს მსგავსად, ცალმხრივად აღებული ვალდებულება,“ – ამბობს სერგი კაპანაძე.

ის ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებებში მხარეები წარმოდგენილნი არ არიან, სამუშაო ჯგუფში შეთანხმებული დოკუმენტი კი სავალდებულო ვერავისთვის გახდება.  

„ძველი დოკუმენტები, რაც მე ვიცი, იყო იმ ლოგიკაზე აგებული, რომ  რუსეთი ჯერ იღებდა ვალდებულებას და მერე საერთო განცხადება უნდა გაკეთებულიყო.  ჯერ უნდა ყოფილიყო რუსეთის მხრიდან ცეცხლის განუახლებლობის ვალდებულება აღებული და ამის მერე უნდა ყოფილიყო მიღებული განცხადება, რომლითაც გარკვეული შეფასება მოხდებოდა, რომ ჟენევის მოლაპარაკების მონაწილეებმა ავიღეთ ეს ვალდებულება. მაგრამ ახლა როგორც ვხვდებით,  მსგავსი არაფერი არ  მომხდარა, რუსეთს ვალდებულება არ აუღია, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც არის საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა, ამ შეთანხმებას მივაღწიოთ, რაც ძალიან გაუგებარია,“ – ამბობს სერგი კაპანაძე.

ცხინვალისა და აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებულ საფრთხეზე ამახვილებენ ყურადღებას „ნაციონალურ მოძრაობაშიც.“

თინათინ ბოკუჩავა ამბობს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში შედეგის მიღწევა მნიშვნელოვანია, თუმცა, რუსეთისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის მოხსნის საფრთხეს ხედავს.

„ის, რომ დღეს ჟენევის მოლაპარაკებებში მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები არ სხედან, როგორც მხარეები, არამედ უბრალოდ, როგორც მონაწილეები, ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დიდი დამსახურება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს შედეგი ჟენევის ფორმატში, მაგრამ არა საქართველოს სუვერენიტეტის ხარჯზე და რასაც „ქართული ოცნება“, როგორც ჩანს, გეგმავს ჟენევის ფორმატში, იქნება დიახაც, საქართველოს ინტერესების ხარჯზე რუსული პოლიტიკის გატარება და რუსეთისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის მოხსნა,“ – ამბობს თინა ბოკუჩავა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა, განმარტავს, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადების მიღება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რეჟიმებს მხარეებად არ წარმოაჩენს. მისივე თქმით, ამ განცხადების მიღება არც რუსეთის მხრიდან ცალმხრივად ვალდებულების აღებაზე ახდენს რაიმე გავლენას.  

“ამ განცხადების მიღება-არმიღება არანაირ გავლენას არ ახდენს იმაზე, რომ რუსეთმა საქართველოს საპასუხოდ უნდა აიღოს ცალმხრივად თავისი ვალდებულება, რომ არ გამოიყენებს ძალას საქართველოს წინააღმდეგ, როგორც ეს გააკეთა საქართველომ არაერთხელ,“ – აცხადებს დავით დონდუა.

საექსპერტო წრეებში მიიჩნევენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როცა საქმე ეროვნულ ინტერესებს ეხება, საქართველომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. პოლიტოლოგი ნოდარ ხარშილაძე ძალის გამოუყენებლობის თაობაზე განცხადების მიღებაში აღიარების საფრთხეებს ხედავს.

„ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა იყოს საქართველოს მიზანი, შედეგი არ უნდა დადგეს ისეთი, რომელიც აღიარებისკენ გადადგამს ნაწილობრივ ნაბიჯს, პრემიერის მიმართვა და რუსული რეაქცია და შემდეგ რუსული განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ჩანაფიქრი კეთილშობილური იყო პრემიერის მხრიდან, საკმაოდ ცუდ შედეგამდე მიგვიყვანა. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში რაც არ უნდა გავაკეთოთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთი ყოველთვის ეცდება, ეს გამოიყენოს თავის ინტერესების შესაბამისად,“ – ამბობს ნოდარ ხარშილაძე.

 

რუსეთის ინტერესები

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ რუსეთთან დიალოგის ილუზიის შექმნით საქართველოს ინტერესები ზარალდება. ამასთან, პარტიაში ჟენევის ფორმატის ცვლილების საფრთხეზეც ამახვილებენ ყურადღებას.

„ეს არის რეალობა, რომელსაც, სამწუხაროდ, შეიძლება მოგვიწიოს, რომ თვალი გავუსწოროთ 28 მარტს, როცა ჩატარდება ჟენევის მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი. მე იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ იგრძნობს წნეხს, ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ამ წნეხის ავანგარდში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ დაუშვას შეიცვალოს ჟენევის ფორმატი,“ –  ამბობს თინა ბოკუჩავა.

თინათინ ბოკუჩავა პრემიერმინისტრის მიმართვასაც იხსენებს და ამბობს, რომ მსგავსი ქმედებები რუსეთს საკუთარი ინტერესების გატარებაში ხელს უწყობს.  

„პრემიერმინისტრმა როცა გააკეთა განცხადება და მიმართა რუსეთს, რომ იქნებ მედიატორად დაგვიდგეო, ფაქტობრივად, იქიდან გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტროს რომელიღაცა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ვიღაც და არა მაღალი რანგის სახელმწიფო წარმომადგენელი, რომელიც თავისი პოლიტიკური წონითა და სტატუსით გაუტოლდებოდა საქართველოს პრემიერმინისტრს, ეს კიდევ ერთხელ ასახავს იმ დამოკიდებულებას, რაც რუსეთის ფედერაციას აქვს ნებისმიერ ასეთ ვითომ ხელის გაწოდებაზე, რომელიც რეალურად თმობს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ამის შედეგად რუსეთი მხოლოდ და მხოლოდ უფრო მეტ ძალას იძენს იმისთვის, რომ უფრო მეტად დაჯაბნოს ჩვენი ქვეყანა ნებისმიერი მოლაპარაკების ფორმატში,“ –  ამბობს თინა ბოკუჩავა.

რუსეთის ინტერესებზე საუბრობენ „ევროპულ საქართველოშიც“.

როგორც სერგი კაპანაძე ამბობს, 1990-იანი წლების ბოლოდან რუსეთი ყოველთვის მოგვიწოდებდა, რომ ამ ნაბიჯით საქართველოს მათი ლეგიტიმურობა ეღიარებინა.

„რუსეთის ტრადიციულად ერთადერთი ინტერესი ჰქონდა ამ ამბავში და ეს ინტერესი უკავშირდებოდა პირდაპირ აფხაზეთის და ცხინვალის  ლეგიტიმაციას. მეორე სურვილი, ბუნებრივია, არის ოკუპანტის სტატუსის შეცვლა, რასაც პირდაპირ ასხამს წყალს ის,  თუკი აფხაზეთს და  ცხინვალს მხარედ ვაღიარებთ და ასე დავიწყებთ მოლაპარაკებას,“  – ამბობს სერგი კაპანაძე.

ექსპერტების ნაწილი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ხშირად ანალიზს მაშინ აკეთებს, როცა ამა თუ იმ ნაბიჯს გადადგამს.

ნოდარ ხარშილაძე დავით დონდუას განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, დოკუმენტის გაფორმება აფხაზეთისა და ცხინვალის მხარეებად აღიარებას არ გულისხმობს და აღნიშნავს, რომ ერთია ჩვენი ხედვა და მეორე, როგორ გამოიყენებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას თავად რუსეთი.

„დავით დონდუა ძალიან პროფესიონალი და გამოცდილი დიპლომატია და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რაც მან განაცხადა, ეს სიმართლეა. მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ერთია ჩვენი ხედვა, მეორე – საერთაშორისო თანამეგობრობა როგორ დაინახავს ამას, მესამე – რუსეთი როგორ გამოიყენებს,“ – ამბობს ნოდარ ხარშილაძე.

ამ კონტექსტში ნოდარ ხარშილაძე კიდევ ერთხელ იხსენებს საქართველოს პრემიერმინისტრის მიმართვას და ამბობს, „სარისკოა, აღნიშნული დოკუმენტის გამოყენებით  რუსეთმა საერთაშორისო თანამეგობრობასთან საქართველო სუსტ ქვეყნად არ წარმოაჩინოს, რომელთანაც ურთიერთობა მხოლოდ მას შეუძლია“.

 

 

თაკო ივანიაძე 

magti 5g