ეპიდემიოლოგიური ვითარება ძალიან მძიმეა, რადგან ასეთი ციფრები წარმოუდგენელია, წინა წელსაც კი არ გვქონია ასეთი მაღალი რიცხვები, – ამის შესახებ პროფესორმა, ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძემ განაცხადა.
„მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ მოსახლეობამ მოადუნა ყურადღება. ამას ხელი შეუწყო შეღავათების ადრეულმა მოხსნამ, როგორიც იყო ნიღბის მოხსნა. ადამიანებმა ჩათვალეს, რომ ეს დაავადება გაქრა და ვხედავთ, როგორ სწრაფად ვრცელდება დელტა შტამი. მაღალ ციფრებს მაღალი გარდაცვალების ციფრები მოსდევს და მძიმედ მიმდინარეობს.
დღეს უკვე მოცემულობაა, რომ ყოველდღიური რიცხვი არის 5 000 და ზევით. ეს სრული კატასტროფაა. 50 ადამიანის ყოველდღიური გარდაცვალება საქართველოში – მთლად უბედურ დღეში ვართ“,- განაცხადა ტაბიძემ.
მისივე თქმით, ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი თუ არ შემცირდება, არ არის გამორიცხული, საველე ჰოსპიტლები შეიქმნას.
„ჰოსპიტალური სექტორი ამ დატვირთვას გაუძლებს, რადგან ჩართული არის ყველა კლინიკა, რომელმაც კოვიდგანყოფილებებიც კი შექმნა. 8 000-მდეა საწოლი, მაგრამ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. თუ ეს რაოდენობა გაგრძელდება, ეს 8 000 საწოლი არ გვეყოფა და დადგება საკითხი, რომ საველე ჰოსპიტლები შეიქმნას. საველე ჰოსპიტლებს აქვთ კიდე ცალკე დატვირთვა. ის არის ცალკე სამყარო მედიცინაში, არის სამხედრო დანიშნულების და სულ სხვა წესი აქვს. სპეციალიზებული სამხედრო ექიმები უნდა მონაწილეობდნენ ამაში და არა მაგალითად, როგორც დღეს. თერაპევტები რომ მკურნალობენ ინფექციურ პათოლოგიას. ეს ძალიან ექსტრემალური სიტუაციიდან გამომდინარეა. მესმის, რომ დავარქვით საომარი მოქმედებები, მაგრამ ეს არ არის ომი, ეს არის ჩვეულებრივი პანდემია, რომელსაც ებრძვის მსოფლიო“,- განაცხადა დევი ტაბიძემ.
ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტი ნიღბის ტარების მნიშვნელობაზე საუბრობს.
„თუ ნიღბის ტარება ავა 80-90%-ზე, ერთი თვის შემდეგ გამოჩნდება ამის შედეგი, რეალურად, მოხდა თუ არა შემთხვევათა შემცირება. როგორც კი ვნახავთ, რომ რაოდენობა შემცირდება, უნდა მივმართოთ იმას, რომ დიდხანს შევინარჩუნოთ ნიღბის ტარება. ნიღბის ტარება შეიძლება ერთი და ორი წელიც არ მოვხსნათ. ვაქცინაცია გვიშველის, გადაგვარჩენს, ვაქცინირებული არ დაიღუპება და ა.შ. რა ექეიფება და რა ეტაშფანდურება ამ ხალხს 600-კაციან ქორწილებს რომ იხდიან, იქიდან გამოსული 50 კაცი კლინიკაში მოხვდა. რაღაცა ლოგიკას ხომ უნდა ექვემდებარებოდეს. კარგია, რომ ჯარიმებია და მაქსიმალური დამსჯელობითი სანქციებია“,- განაცხადა დევი ტაბიძემ.