ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ ქვეყანაში დაბრუნებას აპირებს.
მისი თქმით, საკუთარი ქვეყანა უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით დატოვა, დარჩენის შემთხვევაში კი, სისხლისღვრის მოწმე გახდებოდა.
„ახლა ვატარებ კონსულტაციებს და ვაპირებ დავბრუნდე, რათა განვაგრძო ძალისხმევა, რომ ავღანელებისთვის სამართლიანობა აღდგეს“, – განაცხადა აშრაფ ღანიმ.
მისივე თქმით, მას ქვეყნის დატოვება აიძულეს.
„რომ დავრჩენილიყავი, გავხდებოდი სისხლისღვრის თვითმხილველი“,- განაცხადა ავღანეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, აშრაფ ღანი უარყოფს, რომ სამშობლოდან მილიონობით დოლარით გაიქცა. პრეზიდენტის თქმით, ავღანეთში დატოვა მისი აქტივები და კონფიდენციალური დოკუმენტები.
აშრაფ ღანიმ, რომელმაც ქვეყანა 15 აგვისტოს მას შემდეგ დატოვა, რაც მოძრაობა „თალიბანის“ წევრებმა ქვეყნის დედაქალაქი დაიკავეს, ვიდეომიმართვა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ჩაწერა. მანამდე ამ ქვეყნის მთავრობამ დაადასტურა, რომ ავღანეთის პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები შეიფარა.