დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსება იშვიათია და ასეთი შემთხვევები, ძირითადად, თანმხლები დაავადებებით არის განპირობებული. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ “ვებინარზე”დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“ჩემი ინფორმაციით, ასეთი შემთხვევები ერთეულია, რა თქმა უნდა, ამის განმაპირობებელი თანმხლები დაავადებები იყო. ის, რომ ორჯერ აცრილი იყო, ბევრს ეგონა და ჰგონია, რომ არ დაემართება კოვიდი და უფრო თავისუფლად არიან, არადა როცა გარშემო ამდენი ინფიცირებულია, ორჯერადად აცრილებიც ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, იმიტომ, რომ გადადების შანსი, რა თქმა უნდა, არსებობს.
ხშირესად, როგორც გითხარით, 98-99% შემთხვევებში ძალიან იოლად წავა, მაგრამ შეიძლება იყოს 1%, ნახევარი პროცენტი, რომ დამძიმდეს ადამიანი. ამის ანალიზი ახლა კეთდება და ალაბთ ერთი თვე დაგვჭირდება, სექტემბერში გამოვაქვეყნებთ ანალიზსაც როგორ წავიდა ვთქვათ რეინფექცია ერთჯერადად და ორჯადად აცრილებში, მაგრამ მე რა ინფორმაციაც მაქვს, თითზე ჩამოსათვლელია, მითუმეტეს ორჯერადად აცრილების რეანიმაციაში განთავსება”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.