LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპა დაპყრობილია: ლაშა ტალახაძემ გამარჯვება საქართველოს დამოუკიდებლობის მიუძღვნა (ვიდეო)

101

ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიუძღვნა.

როგორც ძალოსანმა ბუქარესტში ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ აღნიშნა, დადებითი ემოციების მიუხედავად, გული მაინც სწყდება, რომ ტრავმის გამო, ევროპის ჩემპიონატზე რეკორდის დამყარება ვერ მოახერხა.

„რა თქმა უნდა, ემოცია მაინც დადებითია, ვინაიდან უკვე მესამედ მოვიპოვე ჩემპიონის ტიტული. თუმცა, გულის სიღრმეში მაინც გულდაწყვეტილი ვარ. რაც მინდოდა, ის ბოლომდე ვერ ვაჩვენე, რადგან ტრავმა მაქვს, მაგრამ ეს მალე გაივლის. სამომავლოდ, 2019 წელს ბათუმში ტარდება ევროპის ჩემპიონატი, რომელზეც უკვე შევეცდები, გამოვასწორო და უფრო მეტ შედეგს მივაღწიო. ასევე, მინდა ჩემი გამარჯვება მივულოცო ჩემს გულშემატკივრებს, სრულიად საქართველოს და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს“, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

 

 

შეგახსენებთ, საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები ბუქარესტში ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ქართველმა ძალოსნებმა ევროპის ჩემპიონატზე 10 ოქროს, სამი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ბუქარესტში ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დაიხურა.

 

 

ატაცში ლაშა ტალახაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. მძიმეწონოსანმა ქართველმა ძალოსანმა 200 და 210 კილოგრამი დაძლია და ატაცში გამარჯვების ავტორი გახდა. ლაშა ტალახაძემ მის მიერვე დამყარებული მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესება მსოფლიო ჩემპიონატისთვის გადადო.

აკვრაში ტალახაძემ 235 და 247 კგ დაიმორჩილა, ჩემპიონობა ვადაზე ადრე გაინაღდა და მესამე მისვლაზე უარი განაცხადა. ორჭიდი 457 კგ.

ატაცში ასევე შესანიშნავად იასპარეზა ირაკლი თურმანიძემაც. ძალოსანმა სამივე ცდა გამოიყენა (185, 190, 192) და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა ანასტასია გოტფრიდმა. ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა რეზი დავითაძემ. ორი ოქროთი და ერთი ვერცხლით მსგავსი შედეგი აჩვენა შოთა მიშველიძემ. თათია ლორთქიფანიძემ და გოდერძი ბერელიძე ბრინჯაოს თითო მედალი მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრები თბილისში 3 აპრილს დაბრუნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები