LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაუმართლებელია სასულიერო პირთაგან აცრის საწინააღმდეგო მოწოდებები, რწმენა არ ნიშნავს გონების უარყოფას – ფოთისა და ხობის ეპარქია

352
241140688-2957242314514412-3447007561329152997-n

ფოთისა და ხობის ეპარქია განცხადებას ავრცელებს.

ეპარქიის გავრცელებული ინფორმაციით, სამღვდელობის კრებაზე ვაქცინაციასთან დკავშირებულ მითებსა და სპეკულაციურ ინფორმაციებზე იმსჯელეს, რომელიც ხალხში იწვევს უსაგნო შიშებსა და უნდობლობას მედიცინის თანამედროვე შესაძლებლობათა მიმართ და რიგ შემთხვევაში რელიგიურ კონტექსტში სახიფათო მოლოდინებს აღძრავს.

ეპარქიის განცხადებითვე, ყოვლად გაუმართლებელი და დაუშვებელია სასულიერო პირთაგან აცრის საწინააღმდებო მოწოდებები.

“მიმდინარე წლის 30 აგვისტოს ქ. ფოთის საკათედრო ტაძრის სამრევლო დარბაზში გაიმართა ფოთისა და ხობის ეპარქიის სამღვდელოების კრება. კრებას უძღვებოდა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლი.

კრების მონაწილეებმა იმსჯელეს ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიური ვითარების შესახებ. ტაძრების წინამძღვრებს დაევალა ეპარქიის ეკლესია-მონასტრებში ზედმიწევნით დაიცვან სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები და რეკომენდაციები (პირბადის ტარება, ღმრთისმსახურებაზე დამსწრეთა შორის აუცილებელი დისტანციის დაცვა, სადეზინფექციო საშუალებები და სხვა).

კრებაზე განსაკუთრებული ხაზგასმით და მადლიერებით აღინიშნა სამედიცინო დაწესებულებათა პერსონალის ღვაწლის შესახებ, რასაც ისინი აღასრულებენ უკიდურესად მძიმე ეპიდემიურ ვითარებაში ზენორმატიული, მუხლჩაუხრელი და თავდაუზოგავი შრომის პირობებში.

მსჯელობა გაიმართა მოსახლეობის აცრასთან (ვაქცინაციასთან) დაკავშირებულ მითებსა და სხვადასხვა საეჭვო (სპეკულაციური) ინფორმაციების შესახებ, რაც ადამიანებში იწვევს უსაგნო შიშებს, დაბნეულობას და უნდობლობას მედიცინის თანამედროვე შესაძლებლობათა მიმართ, რიგ შემთხვევაში კი რელიგიურ კონტექსტში აღძრავს სახიფათო მოლოდინებს.

საკითხის მიმართ მსჯელობისას გამოითქვა აზრი, რომ მედიცინის მუშაკთა და ზოგადად, მედიცინის თანამედროვე მიღწევებისადმი უნდობლობის გამოცხადება ცოდნისა და რწმენის დაპირისპირების ნიშნებს ატარებს; კაცობრიობის სულიერ-ინტელექტუალური მემკვიდრეობა კი სწორედ ამ ორი ფენომენის – რწმენისა და ცოდნის დაახლოებასა და ურთიერთაღიარებაზეა ამოზრდილი.

შესაბამისად, ყოვლად გაუმართლებელი და დაუშვებელია სასულიერო პირთაგან აცრის საწინააღმდებო მოწოდებებით გამოსვლა: ჩვენ, ქრისტიანები, გამოცხადების მეშვეობით რწმენისკენ ვართ მოწოდებულნი, მაგრამ ეს მოწოდება სულაც არ ნიშნავს გონების უარყოფას.”-აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g