LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოქალაქეთა ნაწილს დაბადების მოწმობაში რეგისტრაციის ადგილის ჩასწორება შეეძლება

215

მოქალაქეთა ნაწილს დაბადების მოწმობაში რეგისტრაციის ადგილის შეცვლა შეეძლება.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მთავრობამ უკვე დაამტკიცა.

უწყების გამარტებით , 1976-1994 წლებში დაბადების რეგისტრაციისას დაბადების ადგილად შესაძლებელი იყო, როგორც ბავშვის რეალური დაბადების, ასევე მშობლების რეგისტრაციის ადგილის მითითება. შესაბამისად,  არის შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა დროს გაცემულ სხვადასხვა საბუთში ორი განსხვავებული დაბადების ადგილი ფიგურირებს, რაც მოქალაქისათვის მნიშვნელოვანი დისკომფორტისა და პრობლემების წყაროა.

„მომზადებული ცვლილებები ასეთ პირებს საშუალებას აძლევს, გაასწორონ მონაცემები და სურვილის შემთხვევაში, ყველა დოკუმენტში დაბადების ადგილად მიუთითონ ის მუნიციპალიტეტი, რომელიც მათი რეალური დაბადების ადგილია და რომელიც პირველად გაცემულ დაბადების მოწმობაშია მითითებული.

“ოფიციალურ დოკუმენტებში ცვლილების შეტანას საფუძვლად დაედება თავად პირის მოთხოვნა. დაბადების რეალური ადგილის დადასტურება შესაძლებელი იქნება სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობით. იმ შემთხვევაში კი, თუ ეს ინფორმაცია არ არის დაცული − დაბადების რეგისტრაციის დროს გაცემული მოწმობით,“ – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, დაბადების ადგილის შესწორება შესაძლებელია შვილად აყვანის, მამობის დადგენის, სახელის ან გვარის რეგისტრაციის, მოქალაქეობის შეწყვეტის ან დაკარგვის საფუძველზე. დაბადების ადგილის შესწორება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისას დაშვებულია შეცდომა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g