25 000-მდე ორსულია ქვეყანაში – მოვუწოდებ, რომ აიცრან „ფაიზერით“, ეს დაინფიცირების რისკს თითქმის 25-ჯერ და გარდაცვალების შესაძლებლობას 200-ჯერ შეამცირებს – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა.
როგორც ამირან გამყრელიძემ ვებინარზე აღნიშნა, ორსულებთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს და ხვალ ან ზეგ მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია განახლებულ პროტოკოლს შემოგვთავაზებს.
„შარშან ჩვენ მხოლოდ ერთი გარდაცვალების შემთხვევა გვქონდა, წელს უკვე 13 გარდაცვალება გვაქვს, თუ არ ვცდები, გუშინ კიდევ ერთი გულდასაწყვეტი შემთხვევა დაგვემატა. ძალიან სამწუხარო ფაქტია, ამიტომ ყველას გთხოვთ, რომ აიცრათ. დღეს 25 000-მდე ორსული არის ქვეყანაში. მოვუწოდებ, რომ ყველა მათგანი მივიდეს და აიცრას „ფაიზერით“ და ორსულობის პერიოდში გაიკეთონ აცრის ორივე დოზა. ეს თითქმის 25-ჯერ შეამცირებს მათი დაინფიცირების რისკს და დაახლოებით, 200-ჯერ შეამცირებს გართულებისა და გარდაცვალების შესაძლებლობას. დავამატებ იმასაც, რომ ფეხმძიმე ქალებს ნებისმიერ ტრიმესტრში შეუძლიათ აიცრან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.