“არასდროს ვეკამათები ანტივაქსერებს, თავიანთი უბედურება ეყოფათ. სამწუხაროდ, ჩემი პროფესიის ექიმები მათთან უძლური არიან, სხვა პროფესიის ექიმების დახმარება სჭირდებათ.” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ “პალიტრანიუსთან” საუბრის დროს განაცხადა.
როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ანტივაქსერების ანკესზე ეგება ბევრი ადამიანი, ის, ვისაც სათანადო ცოდნა არ აქვს:
“თქვენ გგონიათ, ანტივაქსერობა მხოლოდ ის არის, რომ ვიღაცას ასე სჯერა? ბევრი მათგანი სხვა ქვეყნებიდან იმართება. ეს ჩვეულებრივი ბიზნესია. გამოქვეყნებულია კვლევები, თუ როგორ ცდილობს ზოგიერთი ქვეყნის სპეცსამსახური ანტივაქსერებით საზოგადოებაში განხეთქილების ჩამოგდებას. სამწუხაროდ, ანტივაქსერების ანკესზე ეგება ბევრი ადამიანი, ვისაც სათანადო ცოდნა არ გააჩნია…
ამიტომ მნიშვნელოვანია მედიის დახმარება, საზოგადოების ინფორმირება. მიუხედავად ანტივაქსერების ისტერიკისა, მილიონამდე ადამიანი აიცრა.
თუ დააკვირდებით, როცა წერენ, მეზობლის ბიძაშვილის ქვისლის ახლობლის მამიდაშვილი ორჯერ აიცრა და გარდაიცვალაო, არასდროს ამბობენ, კონკრეტულად ვინ იყო ეს ადამიანი. სულ ვთხოვ, მომეცით მონაცემები, ვინ გარდაიცვალა-მეთქი. ჩვენ ხომ სრული ბაზა გვაქვს აცრილებისაც, გარდაცვლილებისაც – მაგრამ ვერ მეუბნებიან… სამწუხაროდ, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რომ ასეთებს მედიაში ვუპასუხოთ.” – განაცხადა იმნაძემ “პალიტრანიუსთან”.