LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

GDI: წინასაარჩევნოდ მმართველი პარტია მართლმსაჯულების პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოყენებას აგრძელებს

58
დავით კეზერაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია  – „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლითაც პალატამ  პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი განაჩენი შეცვალადა ტელეკომპანია „ფორმულას” მფლობელსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ორგანიზაციის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ საქმის საკასაციო წესით განმხილველ პალატას შალვა თადუმაძე თავმჯდომარეობდა, რომელიც აღნიშნული საქმის მეორე ინსტანციაში განხილვისას, ასევე, პროკურატურის მიერ საქმის საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა.

მათივე განცხადებით, აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტზე მიუთითა სახალხო დამცველმა.

„შალვა თადუმაძესთან ერთად საქმე კოლეგიური წესით განიხილეს ლევან თევზაძემ და მერაბ გაბინაშვილმა. ამ უკანასკნელის სახელი უკავშირდება სასამართლო სისტემაში არსებულ გავლენიან ჯგუფს, ე.წ კლანს.

მერაბ გაბინაშვილი იყო იმ 10 კაციან სიაში, რომელიც 2018 წლის დეკემბერში ყოველგვარი შერჩევის პროცედურების გარეშე საქართველოს პარლამენტს  წარედგინა, რასაც საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა და მნიშვნელოვანი განხეთქილება შეიტანა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდშიც. იგივე შეიძლება ითქვას ლევან თევზაძეზეც, რომელიც მოიაზრება „კლანის“ ერთ-ერთ გავლენიან წევრად.

იგი უზენაეს სასამართლოში მესამე ცდით იქნა არჩეული და მის მიმართ წინა კონკურსის პირობებში აშკარა ინტერესთა კონფლიქტი იკვეთებოდა,“- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, პალატის წევრ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი უარყოფითად შეფასდა როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე, რაც „თავის მხრივ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ მიერ განხორციელებულ მართლმსაჯულებას როგორც ამ კონკრეტულ, ისე ყველა სხვა სამომავლოდ განსახილველ საქმეზე.“

„პოლიტიკურად მიკერძოებული მართლმსაჯულების ნიშნებს ამძაფრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 25 ივნისს დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაც – “მე რაც წავედი, მერე გაამართლეთ თქვენ ის. ახლა მიხედავენ, როგორც ჩანს”,-ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პრემიერის განცხადება შესაძლოა შეფასდეს, როგორც სასამართლოს მიმართ მმართველი პარტიის პირდაპირი დავალება პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე.

ამასთანავე, როგორც GDI აცხადებს, კეზერაშვილის საქმე არ არის ერთადერთი, რომლის განხილვაც საერთო სასამართლოებში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ განახლდა.

„6 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდებით მიმდინარე საქმეზეც“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას:

  • გაიაზროს პოლიტიკური მართლმსაჯულების შეუქცევადად უარყოფითი შედეგები ქვეყნის სამომავლო განვითარების პერსპექტივაზე და უარი თქვას მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნით გამოყენებაზე, მათ შორის კრიტიკულად განწყობილი მედიების წინააღმდეგ;
  • პატივი სცეს კანონის უზენაესობის პრინციპს და ხელი შეუწყოს საარჩევნო პროცესების მაქსიმალურად სამართლიან გარემოში ჩატარებას.

ცნობისთვის, პროკურატურის განცხადებით, უზენაესმა სასამართლომ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვისთვის დავით კეზერაშვილი დამნაშავედ ცნო

mazda magti 5g