რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, დევი ტაბიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგები აცრილები არ იქნებიან, ეს მეხუთე ტალღის რეალურ გაჩენას გამოიწვევს.
ამის შესახებ მედიკოსმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა და განმარტა, თუ რა შემთხვევაში დაიწყება მისი პროგნოზით, ქვეყანაში კორონავირუსის მეხუთე ტალღა.
„მეხუთე ტალღა გამორიცხული არ არის, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ ამ სიტუაციას უნდა დავხვდეთ ვაქცინირებული.
სასწავლო პროცესში ჩართული პირები, როგორც მოსწავლეები, სტუდენტები, ასევე პედაგოგები, უნდა იყვნენ ვაქცინირებულები. თუ პედაგოგები აცრილები არ იქნებიან, ეს გამოიწვევს ზუსტად მეხუთე ტალღის რეალურ გაჩენას“, – განაცხადა დევი ტაბიძემ „იმედის“ ეთერში და დასძინა, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ამ ეტაპისთვის შედარებით სტაბილურდება.